26 ნოემბერი 2020,   06:11
ვრცლად
"იაფფასიანი ცირკი პარლამენტის სხდომათა დარბაზში" - გახარიას და ოპოზიციის შეფასება, ხმაურიან დებატებზე

შვიდ საათიანი ხანგრძლივი და ხმაურიანი დებატები პარლამენტში - გიორგი გახარიას დეპუტატები მწვავე შეკითხვებით დახვდნენ. თუმცა ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ მათ ვერც ერთ გახმაურებულ საქმეზე გიორგი გახარიასგან პასუხები ვერ მიიღეს. ქვეყნის პირველმა პოლიციელმა უპასუხოდ დატოვა თემირლან მაჩალიკაშვილის, ია კერზაიას, დავით კირკიტაძის საქმეებზე ოპოზიციის დასმული შეკითხვები.

მინისტრის საათის ფორმატში შს მინისტრს საპარლამენტო ტრიბუნიდან პირველი გამოსვლა ჰქონდა. ოპოზიცია ამბობდა, რომ გიორგი გახარიას მინისტრის საათი დამთრგუნველი იყო. ოპონენტებს გიორგი გახარიამ კი გამოსვლებს უშინაარსო უწოდა. ოპოზიციის შეკითხვებზე არაერთი ცინიკური პასუხის შემდეგ, ოპონენტებმა გიორგი გახარიას რუსეთის სანდო მოკავშირე და პარტნიორი უწოდეს.

გიორგი გახარიამ მისი მინისტრის საათი პარლამენტში ბრალდებებით დაიწყო, რომ ოპოზიცია პოლიციის დისკრედიტაციას მიზანმიმართულად ახდენს. ხელისუფლების ოპონენტებმა ამ განცხადების საპასუხოდ ვიდეომტკიცებულებები სხდომათა დარბაზში წარადგინეს. „ევროპულმა საქართველომ“ შინაგან საქმეთ მინისტრს ბოლო წლების ის გახმაურებული ფაქტები უჩვენა, სადაც ოპონენტებსა და პოლიციელებზე თავდასხმა ხდება და არცერთი ფაქტი აქედან გამოძიებული არ არის.

გახმაურებული საქმეებიდან კი ყველაზე მეტი შეკითხვა ქვეყნის პირველ პოლიციელს პანკისის სპეცოპერაციაზე დაუსვეს. გიორგი გახარიამ აღიარა, რომ, ნაწილობრივ, ძალოვანმა უწყებებმა შეცდომები დაუშვეს, თუმცა სპეცრაზმის ქმედებები. მისი აზრით, პანკისში სწორი იყო და იქ პოლიციამ მართლწესრიგის დაცვა მოახერხა.

ია კერზაიას საქმეზე კი შინაგან საქმეთა მინისტრმა პასუხიმგებლობა მოიხსნა და თქვა, რომ პროცესში ჩახედული არ არის, რადგან საქმეს პროკურატურა სწავლობს. მინისტრი მიიჩნევს, რომ კერზაიას შემთხვევას ოპოზიცია პოლიტიკურ მიზნებისთვის იყენებს.

ოპონენტების კითხვაზე, მოკლა თუ ემსხვერპლა თუ არა 55 წლის ზურაბ მთავრიშვილი პოლიციელების ძალადობას, გიორგი გახარია ოპოზიციას მოუწოდებს პროკურატურის პასუხს დაელოდონ.

„ქართული ოცნებიდან“ დემარშით წასულმა ეკა ბესელიამ კი შს მინისტრს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოძიებაზე პასუხები მოსთხოვა.

 

 

 

დღის ამბები