ავსტრიის ელჩის ხმაურიან ინტერვიუს, სადაც არედ ბენკო საქართველოში გადაწყვეტილების მიმღები პირების დეფიციტზე საუბრობს, პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე, სალომე სამადაშვილი ეხმაურება.
სალომე სამადაშვილის თქმით, ავსტრიის ელჩის მსგავსად, ოპოზიციაც იმავე პრობლემებზე უკვე რამდენიმე წელია, საუბრობს.
სამადაშვილი ამბობს, რომ არედ ბენკომ პირდაპირ თქვა, რომ ქვეყანაში კორუფციის პრობლემაა. ეს კი, დეპუტატის განმარტებით, იმით არის გამოწვეული, რომ რეალურად ქვეყანაში გადაწყვეტილებებს არაფორმალური მმართველი, ბიძინა ივანიშვილი იღებს.
„ფაქტობრივად, ავსტრიის ელჩმა განაცხადა, რომ ქვეყანაში არის, ერთი, კორუფციის პრობლემა და, მეორე, ქვეყნის მართვის პრობლემა, ანუ რეალურად, გადაწყვეტილებას ვერავინ ვერ იღებს, რასაც ჩვენ დიდი ხანია ვამბობთ, იმიტომ, რომ ყველაფერი წყდება ივანიშვილის დონეზე და რა თქმა უნდა, შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღების პროცესი არის შეფერხებული. ეს არის პირდაპირ მითითება იმ საფრთხეზე, რასაც არაფორმალური მმართველობა და კორუფცია უქმნის ჩვენს ქვეყანას, ეს აფერხებს ინვესტიციებს. ეს იყო, ფაქტობრივად, საჯარო გზავნილი ბიძინა ივანიშვილისთვის და საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ თუ ეს არ შეიცვალა, უცხოური ინვესტიციები და მე გულისხმობ, ევროპულ ინვესტიციებს, საქართველოში არ განხორციელდება და ეს გზავნილი ძალიან სერიოზულად უნდა მიიღოს ხელისუფლებამ,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.