„შაბათის კურიერის“ ანონსის ეთერში გასვლის შემდეგ იმ კომპანიის დირექტორი დააკავეს, რომელიც ხმაურიანი რეპორტაჟის მთავარი სუბიექტი იყო და რომელიც სავარაუდო კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობდა. „კურიერის“ ინფორმაციით, „ბილდინგ დეველოპერის“ დირექტორს ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და მისი სიმამრი თამაზ თამაზაშვილი მფარველობდნენ.
„შაბათის კურიერის“ რეპორტაჟი დარღვევებით ჩატარებულ გაზიფიკაციის სამუშაოებს უკავშირდებოდა. პრემიერის განკარგულებით, სიხუაშვილს სამეგრელოს სოფლების გაზიფიცირებისთვის 7 მილიონიანი კონტრაქტი გაუფორმდა.
ახლა კი ირკვევა, რომ სუს-მა ალექსი სიხუაშვილი კიდევ ერთ პროექტთან დაკავშირებული კორუფციული ბრალდებების გამო დააკავა.გამოძიება სიხუაშვილს სახელმწიფოს კუთვნილი თანხის მითვისებას ედავება.
სიხუაშვილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ დაკავების მოტივზე ინფორმაციას არ ფლობენ. დაკავებულების მეზობლები „რუსთავი2“-ის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ და „თავ-პირის დამტვრევით“ დაემუქრნენ.
„გოგონა ცუდი რამე არ მათქმევინო. რომ გეუბნები,რომ არ ვიცით არაფერი, წნევიანი ხალხი ვართ, ნუ გვანერვიულებთ. არ ვიცით რა საქმეზე წაუყენეს ბრალი. შაბათი კვირა დაემთხვა და გაირკვევა დღეს ყველაფერი,“-ამბობს დაკავებული ოჯახის ახლობელი.