19 ნოემბერი 2024,   01:45
ვრცლად
ძალიან ფხიზლად უნდა ვიყოთ იმიტომ, რომ მთავრობა ცდილობს ყველანაირი ხერხით რამენაირად დაგვშალოს, - გიგა მაქარაშვილი

სამოქალაქო პროტესტის მე-12 დღე რუსთაველზე - პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია ცოტა ხანში განახლდება.

უცვლელია მთავარი მოთხოვნა - გიორგი გახარიას გადადგომა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან.

„რაღაცებს, რასაც მივაღწიეთ, უკვე ეს არის ძალიან დიდი პროგრესი, სამიდან ორი მოთხოვნა შესრულებულია. თუმცა, რჩება ძალიან, ძალიან პრინციპული მოთხოვნა - შს მინისტრის გადაყენება,“ - ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, გიგა მაქარაშვილი.

მაქარაშვილი დღეს სასტუმრო „შერატონთან“ მისვლას იხსენებს, სადაც „ქართული ოცნების“ ლიდერებმა, საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით პრეზენტაცია გამართეს. მაქარაშვილი ამბობს, რომ იქ მისვლით „ოცნების“ ლიდერებს მათი ერთადერთი მოთხოვნა კიდევ შეახსენეს.

"შემირცხვენია ის მთავრობა, რომელსაც 14 მშვიდობიანი დემონსტრანტის წინაშე გავლის ეშინია. ამ ხელისუფლებას ლეგიტიმაცია უკვე დაკარგული აქვს და ყოველდღიურად, რაც უფრო დიდხანს გაწელავენ ამ კრიზისს, უფრო დასუსტდებიან," - ამბობს მაქარაშვილი.

რაც შეეხება შეხვედრაზე მყოფ დავით უსუფაშვილს, რომელიც აქციის ორგანიზატორმა, შოთა დიღმელაშვილმა გააკრიტიკა "ოცნების" პირველ პირებთან წარმოთქმული სიტყვის გამო, მაქარაშვილი ამბობს, რომ ის ბოლომდე არ იზიარებს დიღმელაშვილის მოსაზრებას, რადგან მაქარაშვილის თქმით, "შენების მოძრაობის" ლიდერმა მომიტინგეებს ტრანსფარანტი გამოართვა წარწერით - "წადი!" და გახარიას გადადგომისკენ მათთან ერთად მოუწოდებდა. 

გიგა მაქარაშვილი ამბობს, რომ "პარტიზანული დარტყმები" გაგრძელდება და აქციის ორგანიზატორები ყველგან იქნებიან, სადაც "ოცნების" ლიდერები სიტყვით გამოვლენ ან შეხვედრას გამართავენ.

გიგა მაქარაშვილი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნა ლეგიტიმურია, რადგან მან მოქალაქეების წინააღმდეგ იმოქმედა.

„ძალიან ფხიზლად უნდა ვიყოთ იმიტომ, რომ მთავრობა ცდილობს ყველანაირი ხერხით რამენაირად დაგვშალოს, ფიზიკურ ძალას ვეღარ იყენებენ იმიტომ, რომ არაფერს ვაშავებთ, ზედმიწევნით 12 დღე, ერთსა და იმავეს ვითხოვთ, ამას ხედავს მთელი მსოფლიო, დონორი ორგანიზაციები, პარტნიორი ქვეყნები, აკვირდებიან მოვლენებს და ითხოვენ პასუხებს, მათ ანგარიშებში შესაბამისი დასკვნები იქნება, რაც ნამდვილად არ იქნება ქართული ოცნების სასარგებლოდ,“ - განაცხადა მაქარაშვილმა.

მისივე თქმით, გიორგი გახარიას გადადგომისთანავე, აქცია დასრულდება და მომიტინგეები დაიშლებიან. 

აქციის ორგანიზატორები პარლამენტის შენობის წინ არიან და მოქალაქეებიც უკვე იწყებენ შეკრებას.

დღის ამბები