საგარეო საქმეთა მინისტრი ადასტურებს, რომ 20 ივნისის ღამეს პარლამენტში ელჩები იმყოფებოდნენ, თუმცა რომელი ქვეყნის დიპლომატიური უწყების წარმომადგენელები იყვნენ საკანონმდებლო ორგანოში ამას დავით ზალკალიანი ვერ აკონკრეტებს. მინისტრი ამბობს, რომ ახსოვს მხოლოდ გერმანიის ელჩი.
დავით ზალკალიანი მხოლოდ გერმანიის ელჩზე ასახელებს. მისი თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტროს ელჩების მობილიზაცია არ მოუხდენია და ისინი თავის სურვილით მივიდნენ პარლამენტში, რაც გასაკვირი არ არის.
„20 ივნისს სიტუაცია ძალიან სწრაფად იცვლებოდა და სიტუაციის განვითარების მიხედვით ბუნებრივია ქვეყანაში აკრედიტირებულ ელჩებს ჰქონდათ ინტერესი მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და ჩვენ აქ არაფერი გასაკვირი არ არის რომ მათთან მუდმივი კომუნიკაცია გვქონდა მათი ინფორმირების კუთხით. მათ აქვთ საკუთარი წყაროებიც. ბუნებრივია, ინფორმირებული იყვნენ საკუთარი წყაროებიდანაც მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მაგრამ ჩვენი, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია გახლავთ რომ მათ მუდმივად მივაწოდოთ ინფორმაცია და ჩვენ ამას ვაკეთებდით. აქ საუბარი არ არის ფიზიკურ მობილიზაციაზე, რომ ჩვენ ვთქვათ ფიზიკურად იქ მივიყვანეთ. იქ რამდენიმე ელჩი მივიდა. გერმანიის ელჩი მახსოვს და იყვნენ მგონი კიდევ სხვა ელჩებიც, რომლებიც თავისით მივიდნენ და იქ ადგილზე გაეცნენ სიტუაციას. აქ არაფერი გასაკვირი არ არის და ეს ჩვეულებრივი პროცესი არის,“-განაცხადა დავით ზალკალიანმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიამ გუშინ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა, რომ პარლამენტში 20 ივნისის ღამეს მასთან ერთად ელჩები იმყოფებოდნენ, რომლებიც დარბევის პროცესს აკვირდებოდნენ. "კურიერმა" ეს ინფორმაცია, რამდენიმე ქვეყნის ელჩთან გადაამოწმა. მათ შორის არის ნიდერლანდების სამეფო, აშშ, საფრანგეთი, რუმინეთი, ესტონეთი და უკრაინა. მათგან ყველამ თქვა, რომ 20 ივნისის ღამეს პარლამენტში არ ყოფილან.