აკვირდებოდნენ თუ არა ელჩები 20 ივნისის ღამის სისხლიან მოვლენებს პარლამენტიდან, როგორც ეს შს მინისტრმა განაცხადა - "კურიერმა" ინფორმაცია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან გადაამოწმა. ელჩები, რომლებსაც "კურიერი" ესაუბრა აცხადებენ, რომ ისინი პარლამენტში არ ყოფილან.
20 ივნისის ღამეს პარლამენტში არ ყოფილა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი.
„რაც 20 ივნისს მოხდა გამოძიებას საჭიროებს ძალის გამოყენების და ძალადობის კუთხით. მოხარული ვართ რომ ასეთი გამოძიება როგორც ჩანს ტარდება. ვინ იმყოფებოდა იმ კონკრეტულ დღეს პარლამენტში ამას ვერ გეტყვით. პირადად მე შეერთებულ შტატებში ჩემი ქალიშვილის ქორწილში ვიმყოფებოდი,“-განაცხადა ელიზაბეთ რუდიმ.
უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იგორ დოლგოვი კი აცხადებს, რომ ის წინა დღეს პრეზიდენტის სასახლეში იმყოფებოდა. 20 ივნისის ღამეს კი პარლამენტში არ მისულა.
„მე ვიმყოფებოდი წინა დღეს ცერემონიების სასახლეში პრეზიდენტთან გამართულ ღონისძიებაზე. მეორე დღეს არსად ვყოფილვარ,“-განაცხადა იგორ დოლგოვმა.
ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იოჰანეს დოუმასთვის კი გაუგებარია რატომ უნდა მისულიყო ის პარლამენტში და რა მოტივით უნდა ჩარეულიყო ქვეყნის შიდა საქმეში.
„არ წავსულვარ, არც მივუწვევივარ. რატომ უნდა წავსულიყავი? ეს საქართველოს შიდა საქმეა, ჩართული არ ვარ,“-განცხადება იოჰანეს დოუმამ.
ელჩების ნაწილმა კომენტარზე უარი განაცხადა, თუმცა პირად საუბარში თქვეს, რომ ისინი გახარიასთან ერთად პარლამენტში არ ყოფილან.
გიორგი გახარიას განცხადებამ შესაძლოა, საქართველო დიპლომატიურ სკანდალში გახვიოს. ინგა გრიგოლიას გადაცემა "რეაქციაში", გუშინ შინაგან საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ ხალხის დარბევის პროცესს პარლამენტიდან საქართველოში აკრედიტებულ უცხოელ ელჩებთან ერთად დილის შვიდ საათამდე აკვირდებოდა. გახარიამ პრაქტიკულად სისხლიან ღამეზე პასუხისმგებლობა საქართველოში აკრედიტებულ უცხოელ დიპლომატებსაც დააკისრა.