საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მორიგი თავდასხმა ეკა ბესელიაზე - ყოფილ თანაგუნდელებს შორის დღეს დაპირისპირებამ უკიდურეს ნიშნულს მიაღწია. კობახიძე - ზარდიაშვილი - მდინარაძის დაჯგუფებამ დღეს ეკა ბესელიაზე ახალი იერიში მიიტანა. ვანო ზარდიაშვილი არა მხოლოდ ეთიკის ფარგლებს გასცდა, არამედ შეურაცხყოფაზე გადავიდა და ერთ დროს თანაგუნდელ დეპუტატს ვირთხა უწოდა.
ზარდიაშვილი განსაკუთებით აგრესიული ტონით კამერის წინ რამდენიმეჯერ გამოჩნდა და ერთადერთი სამიზნე ჰყავდა - ეკა ბესელია. "ოცნების" ახალმა სახემ პარტიის ვეტერანი წევრი კორუფციულ გარიგებებშიც ამხილა. ზარდიაშვილი ამტკიცებს, რომ ეკა ბესელია "რუსთავი 2-ის" ფარული ინფორმატორი იყო და გუნდის კულუარულ ამბებზე ინფორმაციის არხს აწვდიდა.
კობახიძე - ზარდიაშვილი - მდინარაძის დაჯგუფებიდან დღეს კამერების წინ მხოლოდ უსტატუსო დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი ჩანდა. იერიშს მალევე შეუერთდა დავით მათიკაშვილი, რომლის სამრეცხაო ბიზნესინტერესების შესახებ რეპორტაჟი "შაბათის კურიერმა" მოამზადა, მათიკაშვილი დღეს ეკა ბესელიას ოცნების შიდა ამბების გავრცელებაში ადანაშაულებდა და ამტკიცებდა, რომ "რუსთავი 2-ის" ინფორმატორი "ოცნებიდან" დემარშით წასული დეპუტატია.
ეკა ბესელია, რომელიც ზარდიაშვილის თავდასხმის ობიექტი პირველად არ გამხდარა, ფიქრობს, რომ მდინარაძე-კობახიძის დაჯგუფებამ ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა, ამიტომ, "ქართული ოცნების" ყოფილი წევრი ბიძინა ივანიშვილს აფრთხილებს, რომ გახსნის ყველა კარტს და ღიად ილაპარაკებს "ოცნების" შიდა ამბებზე, რომელიც დღემდე არ თქმულა.
ეკა ბესელიაზე შეტევის მორიგი ეტაპზე "ქართულმა ოცნებამ" ჯერ კიდევ გუშინ დაიწყო, როდესაც ვიცეპრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ბესელიას განცხადებებს - პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საქმის გამოძიებაზე - დამღლელი უწოდა. დღეს კი მაია ცქიტიშვილმა უფრო მძიმე განაცხადი გააკეთა. თქვა, რომ არაეთიკური არაფერი უთქვამს და ბოდიშის მოხდას არ აპირებს.
ეკა ბესელია ვანო ზარდიაშვილის წინააღმდეგ ეთიკის საბჭოში განაცხადს შეიტანს. უმრავლესობიდან დემარშით წასული დეპუტატი ამბობს, რომ ზარდიაშვილმა დეპუტატის მანდატი უნდა დატოვოს და ამისთვის ბრძოლა უკვე დააანონსა.