17 ნოემბერი 2024,   21:43
ვრცლად
დავით მათიკაშვილის საიდუმლო ბიზნესი - სამრეცხაო კომპანია, რომლის შემოსავლებსაც, დეპუტატი მალავს

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ნათაძის ქუჩაზე დეპუტატ დავით მათიკაშვილის კომპანია „თეთრი სამყარო 21“-ია რეგისტრირებული. კომპანია სამრეცხაო საქმიანობას აწარმოებს და მისი 100%-იანი წილის მფლობელი, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დავით მათიკაშვილია.

სამრეცხაოს მისამართზე „კურიერის“ გადამღები ჯგუფი არ შეუშვეს. კომპანიის საქმიანობა იმდენად გასაიდუმლოებულია, რომ ნათაძის ქუჩაზეც თითქმის არავინ იცის, რომ მათ მეზობლად სამეწარმეო საქმიანობას, „ქართული ოცნების“ დეპუტატი ეწევა.

ნათაძის ქუჩაზე „კურიერს“  ჭიშკარი არ გაუღეს და მაგრამ „შაბათის კურიერის“ კამერამ, აკრძალვის მიუხედავად, მაინც გადაიღო ეზოს შიდა პერიმეტრი. კადრებში ნათლად ჩანს, რომ სამრეცხაო ნამდვილად არსებობს, ჩაკეტილი ეზოს შიგნით მიმოფანტულია სარეცხი მანქანის ნაწილები, გრძელ თოკებზე კი გაფენილია, უკვე შესრულებული შეკვეთა. კამერის ყურადღებას იქცევს სამრეცხაოსთვის შეუსაბამო ჰიგიენური პირობები.

2 წლის წინ დაფუძნებულ კომპანიას კონტრაქტები სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან აქვს გაფორმებული, მათ შორის არა სატენდერო, არამედ პირდაპირი მიყიდვის წესით. ერთ-ერთი ასეთი მწერალთა სახლია.

„თეთრ სამყაროს“ კიდევ ერთი ხელშეკრულება ინფექციურ საავადმყოფოსთან აქვს გაფორმებული. სამედიცინო დაწესებულებამ სპეციალიზებული უთო  შარშან, სწორედ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის კომპანიისგან შეიძინა.

შესყიდვების სამსახურში აცხადებენ, რომ ახლადშექმნილი კომპანია იყო ერთადერთი, რომელიც მათთვის სასურველი უთოს მოდელს 5 ათას ლარად სთავაზობდა. იმასაც ამბობენ, რომ დავით მათიკაშვილის შესახებ არაფერი გაუგიათ და ახლადშექმნილი „თეთრი სამყარო,“ შემთხვევით შეარჩიეს.

დეპუტატს სამეწარმეო საქმიანობა კანონით არ ეკრძალება, თუმცა ევალება ამ სამეწარმეო საქმიანობის შესახებ ყველა ინფორმაცია, ქონებრივ დეკლარაციაში შეიტანოს. დავით მათიკაშვილის მიერ 2018 წლის ბოლოს შევსებულ დოკუმენტში წერია, რომ „თეთრ სამყაროს“ მისთვის არცერთი ლარის შემოსავალი არ მოუტანია. არადა მწერალთა სახლისა და ინფექციური საავადმყოფოს მაგალითებიც კმარა იმის დასტურად, რომ დეპუტატი შემოსავლებს მალავს.

ოთარ სირაძის ინფორმაციით, მმართველი გუნდის წევრს აქვს ფარული გარიგებები სხვადასხვა ორგანიზაციასთან, უწევს მათ მომსახურებას, იღებს ფულს, მაგრამ არ იხდის გადასახადებს. კორუფციულ სქემას სირაძე ასე ხსნის - მწერალთა სახლსა და ინფექციურ საავადმყოფოს, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხის გამხარჯველებს, ვალდებულება ჰქონდათ, ყველა კონტრაქტი გაესაჯაროვებინათ. კერძო კომპანიებს კი ეს ვალდებულება არ გააჩნიათ და ამიტომაც არ არის ხელმისაწვდომი მათიკაშვილის შემოსავლის სხვა წყაროები.

„კურიერმა“ შეკითხვების დასმა დეპუტატისთვის სცადა - რატომ მალავს გადასახადებს და რატომ არღვევს კანონს თავად კანონმდებელი დავით მათიკაშვილი?! თუმცა, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ არც კი მოგვისმინა.

 

ავტორი: მაკა ჩიხლაძე

დღის ამბები