აზერბაიჯანის კოლონიაში, პატიმრობაში მყოფმა ჟურნალისტმა აფგან მუხთარლიმ შიმშილობა შეწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი მეუღლე ავრცელებს. ლეილა მუსტაფაევას თქმით, მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გახდა.
მუხთარლიმ შიმშილობა სამარტოო კამერაში გადაყვანის გამო პროტესტის ნიშნად დაიწყო.
როგორც ლეილა მუსტაფაევა აცხადებდა, მის მეუღლეს დიაბეტი აქვს, შესაბამისად შიმშილობა მისი სიცოცხლისთვის რისკის შემცველია. მუსტაფაევას თქმით, აფგან მუხთარლის გარდაცვალების შემთხვევაში, პასუხისმგებლობა როგორც ქართულ, ასევე აზერბაიჯანულ ხელისუფლებას დაეკისრებოდა, რადგან ის გაიტაცეს და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ინსტრუქციებით აზერბაიჯანში არალეგალურად გადაიყვანეს.
აფგან მუხთარლი თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაიტაცეს, მეორე დღეს კი იგი აზერბაიჯანის ციხეში აღმოჩნდა, საზღვრის უკანონო გადაკვეთის, საზღვარზე 10 000 ევროს არადეკლარირებულად გადატანისა და მესაზღვრისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით. მუხთარლი ამ ბრალდებით გაასამართლეს და მას ექვსწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.