14 სექტემბერი 2026,   20:26
ვრცლად
"თბილისობა 2019"-ის ღონისძიებების დეტალები ცნობილია

დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე "თბილისობა 2019"-ის ღონისძიებების  დეტალები გახდა ცნობილი, რომელიც 5-6 ოქტომბერს გაიმართება.  

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, საზეიმო ღონისძიებები  ოთხ სხვადასხვა ლოკაციაზე - რიყეზე, ლეღვთახევში, მეტეხის ხიდსა და ორბელიანის მოედანზე ჩატარდება.

"წელს თბილისობის პროგრამა საკმაოდ დატვირთული და მრავალფეროვანი იქნება. ღონისძიებებს შორის იქნება საბავშვო კონცერტები და ატრაქციონები, კულინარიის, ტკბილეულის და ყვავილების ფესტივალები, ქუჩის კოსტიუმირებული მსვლელობები და სპორტული აქტივობები, ორბელიანის ღია ბაზარი, თბილისთან დაძმობილებული ქალაქების პავილიონები, მუსიკალური წარმოდგენები, თბილისის მერიის "ბიგ ბენდის"კონცერტი და სხვა. ლეღვთახევში მოეწყობა "მუზეუმი ღია ცის ქვეშ", სადაც წარმოდგენილი იქნება პროექცია კლდეზე: ქართველი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების ვიდეოები, ცნობილი ფერწერული ნამუშევრები და ა.შ. ამ ადგილის დათვალიერებისას ინსტალაციის შესაბამისად შეიცვლება მუსიკა და გამოსახულება. მეტეხის ხიდზე გაიმართება რარიტეტული ავტომანქანების გამოფენა," - განაცხადა კახა კალაძემ. 

კალაძის თქმით, "თბილისობა 2019-ის"  ფარგლებში  კიდევ რამდენიმე ღონისძიება ჩატარდება, მათ შორის, 5 ოქტომბერს, 20:00 საათზე საპატიო თბილისელების დაჯილდოება და გალაკონცერტი - "მე ვარ თბილისი".

დღის ამბები