19 აპრილი 2024,   14:44
ვრცლად
ვარკეთილში გარდაცვლილი ახალგაზრდა დღეს დაკრძალეს - ეჭვმიტანილებს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

როგორ აღმოჩნდა ვარკეთილში მომხდარ ტრაგედიამდე რამდენიმე საათით ადრე მსხვერპლის ტელეფონი ლომბარდში - წაართვეს ძალადობრივი გზით, თუ ნებით გადასცა? - ადვოკატების და პროკურორების დავა ამ საკითხზე სავარაუდოდ, მინიმუმ რამდენიმე თვე გაგრძელდება.

დღეს ერთ-ერთი უფლებადამცველი ლომბარდში გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ცდილობდა მტკიცებას, რომ ნივთი ერთი დღის შემდეგ პატრონისთვის უკან უნდა დაებრუნებინათ. მის მსგავსად სხვა ადვოკატებიც მიიჩნევენ, რომ 6 პირის, მათ შორის არასრულწლოვნების დაკავების საფუძველი არ არსებობდა.

ადვოკატების მცდელობის მიუხედავად, დღეს მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა და ხუთივე ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა. ისევე როგორც საქმეზე დაკავებულ კიდევ ერთ პირს, რომელსაც აღმკვეთი ღონისძიება ერთი დღით ადრე შეუფარდეს.

ბრალდებულებს შორის ოთხი არასრულწლოვანია, რის გამოც პროცესი დახურული იყო.

ფაქტი რომ 16 წლის ბიჭის სახურავიდან გადმოვარდნამდე მისი ტელეფონი ლომბარდში ჩააბარეს და ამ საქმეზე 6 პირი დააკავეს "კურიერისთვის" ექსკლუზიურად გუშინ გახდა ცნობილი. ოფიციალური ინფორმაციის გავრცელებამდე ერთ-ერთი დაკავებულის ბებიამ დაადასტურა, რომ დაკავება ტელეფონის წართმევას უკავშირდებოდა.

ტრაგიკულად გარდაცვლილი 16 წლის ბიჭის ოჯახი მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით დუმილს ინარჩუნებს. ისინი დღეს არც დაკავების ფაქტებს გამოხმაურებიან.

16 წლის ბიჭი, რომელიც ვარკეთილის მესამე მასივში ჯერჯერობით გაურკვეველ ვითარებაში 9 სართულიანი კორპუსის სახურავიდან ჩამოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა დღეს დაკრძალეს. მიუხედავად იმისა, რომ ძარცვის ნაწილში პოლიციას დაკავებულები უკვე ყავს, გამოძიებას ჯერჯერობით არ აქვს კონკრეტული შედეგი საქმეზე რომელიც თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული.

დღის ამბები