25 აპრილი 2024,   08:57
ვრცლად
სისხლიან დაპირისპირებაში გადაზრდილი მოლაპარაკება - დაზარალებულის მეუღლე "კურიერთან" ახალ დეტალებს ყვება

"კურიერის" ინფორმაციით, ყიფშიძის ქუჩაზე სისხლიანი გარჩევის მიზეზი ბიზნესის გადანაწილებაა. მარიკა წერეთელი, რომელიც გუშინ 6 მოჩხუბარ მამაკაცს შორის იდგა და მისივე მეუღლის, ლევან ძნელაძის გადარჩენას ცდილობდა, "კურიერთან" დაპირისპირების წინაპირობებზე დეტალებს ყვება. მისი თქმით, ყოფილ მეგობრებთან პარტნიორობა სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა.

წერეთელი იხსენებს, რომ მხარეებს უნდა ესაუბრათ ბინის შესახებ, რომელიც ოჯახს ერთ-ერთი კორპუსის მშენებლობაში ჩადებული ფულის სანაცვლოდ უნდა მიეღო.

მარიკა წერეთელი ამბობს, რომ პარტნიორების ნაცლად, მოულოდნელად, უცხო პირები გამოჩნდნენ, ხოლო კონფლიქტი შეხვედრისთანავე დაიწყო. დაჭრილი მამაკაცის მეუღლე ამტკიცებს, რომ მათი ადგილსამყოფელის შესახებ მხოლოდ ნახსენებმა პარტნიორებმა იცოდნენ, ამასთან, ოჯახს უთანხმოება სხვა პირებთან არ ჰქონია.

ფაქტს, რომ სისხლიანი დაპირისპირების დაწყებამდე ლევან ძნელაძე და მარიკა წერეთელი ყიფშიძის ორ ნომერში მდებარე კაფეში ისხდნენ, ამ ობიექტის მენეჯერიც ადასტურებს. მან "კურიერთან" საუბრისას თქვა, რომ ჩხუბის მონაწილეებიდან ორი მამაკაცი კაფეს ხშირად სტუმრობდა. მენეჯერმა მათ შორის ერთ-ერთი დაშავებულიც ამოიცნო. ჩხუბში მონაწილე მეორე პირი, რომელიც ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება, სავარაუდოდ, გივიკო ცინცაძეა.

ლევან ძნელაძე, რომელსაც მძიმე დაზიანებები, მათ შორის, დანით მიყენებული ჭრილობები აქვს, ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. ხეჩინაშვილის კლინიკიდან ჯერ არ გაუწერიათ არც გივიკო ცინცაძე. მას შედარებით მსუბუქი, ზედაპირული ტრავმები აქვს. გახმაურებული დაპირისპირებიდან ერთი დღის შემდეგ, შს სამინისტროს დაკავებულების და გამოძიების მიმდინარეობის შესახებ განცხადება არ გაუვრცელებია.

დღის ამბები