განახლებული საკლასო ოთახები, მერხები, ახალი სასწავლო ფორმა და პირველი მასწავლებელი - სიახლეები ბევრია. პირველკლასელები სასკოლო გარემოს ღია კარის დღის ფარგლებში გაეცნენ. ახლად რეაბილიტირებულ თბილისის ნომერ 76 საჯარო სკოლა 15 სექტემბერს 800-მდე მოსწავლეს მიიღებს.
ახალი სასწავლო წლისთვის ქვეყნის მასშტაბით სრულად განახლდა და აშენდა 30 საჯარო სკოლა. რეაბილიტირებული ოთახები, თანამედროვე ლაბორატორიები, სპორტული სივრცეები და კეთილმოწყობილი ეზოები - თბილისსა და რეგიონებში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულებების მოწყობა აქტიურად გრძელდება.
ახალი სასკოლო ინფრასტრუქტურის გარდა 15 სექტემბრიდან კიდევ არაერთი სიახლე ამოქმედდება. მოსწავლეები სხვადასხვა საგნებში განახლებული სახელმძღვანელოებით ისწავლიან. პირველკლასელებისთვის უკვე მზად არის სასაჩუქრედ გადასაცემი, პორტაბელური კომპიუტერებიც. სკოლებში იზრდება არჩევითი კურსების ჩამონათვალიც. მოსწავლეები მედიაწიგნიერების და ხელოვნური ინტელექტის შესწავლასაც შეძლებენ. ფართოვდება "სამხედრო საქმის" პროგრამაც.
ამ წლიდან სკოლებში იზღუდება მობილურებისა და ჭკვიანი საათების გამოყენება - შესაბამისი სათავსოები უკვე მზად არის. მიზანი სასკოლო სივრცეში მოწყობილობების არამიზნობრივი მოხმარების შემცირება და მოსწავლეების საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის გაზრდაა.
ქვეყნის მასშტაბით მოქმედ 2085 საჯარო სკოლა მოსწავლეების მისაღებად უკვე მზად არის. სკოლებში გაგრძელდება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებიც. განათლების მინისტრის თქმით წლების განმავლობაში განხორციელებული რეფორმები საერთაშორისო კვლევების შედეგებზე დადებითად უკვე აისახა.
წელს სწავლას 45 000 პირველკლასელი იწყებს. მათთვის მთავარი სიახლე სასკოლო ფორმებია, რომლებიც 1 სექტემბრიდან უკვე ხელმისაწვდომია ყველა მუნიციპალიტეტსა და ონლაინ სივრცეში.
ავტორი: ირაკლი კოშაძე.