12 სექტემბერი 2026,   22:32
ვრცლად
4 საათიანი მსჯელობა საქალაქო სასამართლოში - გიორგი ბარამიძე პატიმრობაში რჩება 

სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ბრალდებით დაკავებული გიორგი ბარამიძე პატიმრობაში რჩება. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 საათიანი მსჯელობის შემდეგ მიიღო. სხდომას ესწრებოდა "ნაციონალური მოძრაობის" თავდაცვის ყოფილი მინისტრიც, რომლის განსასჯელის სკამზე მის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადების გამო აღმოჩნდა. ბარამიძემ სიტყვის უფლებით არაერთხელ ისარგებლა, თუმცა მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები გააკეთა და თქვა, რომ წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება.

მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ სრულად გაიზიარა პროკურორების შუამდგომლობა, რომლებიც თავდაცვის ყოფილი მინისტრის პატიმრობაში დატოვებას ითხოვდნენ. სახელმწიფო ბრალმდებლის თქმით, გია ბარამიძემ ქართველ სამხედროებს უარგუმენტოდ დააბრალა საერთაშორისო ჰუმანიტარული ნორმების დარღვევა და ომის დანაშაული, მაშინ როცა ერთ ერთ გადაცემაში უაპელაციოდ თქვა, რომ ქართულ შეიარაღებული ძალები ტყვეებს ხვრეტდნენ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებიც მივიდნენ. თანაგუნდელის გამართლება კი ტრადიციულად სამართლებრივი საქმის პოლიტიზებით სცადეს.

ეროვნული ინტერესების დამაზიანებელი ორკესტრირებული კამპანია - ასე აფასებენ მმართველ გუნდში გიორგი ბარამიძის განცხადებას. სახელისუფლებო პარტიის წევრებმა დღეს მიხეილ სააკაშვილის, ნიკა გვარამიას და სალომე სამადაშვილის სიტყვებიც გაიხსენეს. უმრავლესობის თქმით, როცა ოპოზიციის ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიას ისტორიულ ტრავმას უწოდებს ან ამბობს რომ საქართველო აფხაზებისთვის უკეთეს ალტერნატივას ვერ ქმნის, ნაწილი ქართველ სამხედროებს ომის დანაშაულში სდებს ბრალს, ნაწილი კი ამტკიცებს, რომ აფხაზებს ქართველები ეზიზღებათ- ეს ქართული ოცნებისთვის ოპონენტების ანტიქართულ მიზნებს ცხადყოფს.

ქვეყნის ღალატი და საბოტაჟი - სწორედ ამ მუხლით მიმდინარეობს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ გამოძიება. პროკურატურის ინფორმაციით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით უტყუარად გამოირიცხა შეიარაღებული კონფლიქტისას ქართველი სამხედროების თუ ომის მონაწილეთა მხრიდან, ტყვეთა დახვრეტის ფაქტები.

მთავარმა საგამოძიებო უწყებამ, გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ გამოძიება ომის ვეტერანების მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ მაღალჩინოსანსა და მოქმედ ლიდერს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ავტორი: ნანა გოგატაძე. 

დღის ამბები