ოპოზიციაში დაპირისპირება კიდევ უფრო მწვავდება. ნიკა გვარამია, იაგო ხვიჩიას შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს. წერილში არის შეურაცხმყოფელი განცხადებაც.
ამჯერად გვარამია ხვიჩიას გიორგი ბარამიძის დაკავების გამო უპირისპირდება. სწორედ, "თავისუფალი ხალხის" პარტიის ლიდერის გადაცემაში თქვა სააკაშვილის თავდაცვის მინისტრმა, რომ ქართველები აფხაზეთში ტყვეებს ხვრეტდნენ. დაუსრულებელ პაექრობას ოპოზიციონერებს შორის უკვე მოჰყვა გამოხმაურებები მმართველ გუნდში. საპარლამენტო უმრავლესობაში განმარტავენ, რომ მიმდინარე პროცესი ოპოზიციის თვითლუსტრაციის კიდევ ერთი მაგალითია.
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციაში არსებული დაპირისპირება მთავარი ოპოზიციონერის სტატუსისა და დაფინანსების მოპოვებას უკავშირდება, რის გამოც მხარეები ერთმანეთის ჩასაძირად ყველაფერზე მიდიან:
"ერთმანეთში აქვთ ბრძოლაა გაჩაღებული თავის პატრონებს უთხრან, იმას ნუ მისცემ, ეს არის კომპრომეტირებული, არაფრის გამკეთებელი კაცი კაცი და ამისგან არაფერს არ უნდა ელოდო, მე ვარ მთავარი ოპოზიცია და ეს ფული მე მომეცითო. ისინი ერთმანეთის ჩასაძირად ყველაფერზე წავლენ. ზოგს სიმართლეს იტყვიან და როგორც ჩანს, ბევრი რამე სიმართლეა ამ ფულის ტრიალში და ასე შემდეგ, ზოგ რამეს დააბრალებენ კიდევაც ისე, ოღონდ მოთხარონ ძირიანად. ერთი რამის გამო, რომ დაიმკვიდრონ ადგილი, როგორც მთავარმა ოპოზიციონერმა. ეს ჩვენი ქართველი ხალხისთვის კი არ სჭირდებათ, ისინი ქართველ ხალხთან არც მუშაობენ, ყველაფერს გამოამზეურებენ, მათ შორის შეიძლება თვითონაც რაღაცა დონით იზარალონ, მაგრამ იმ სიმართლეს იტყვიან, ვის საიდან ჰქონდა ფული და ვინ საიდან ფინანსდებოდა - ბევრი რამე ჯერ კიდევ წინ გვაქვს,"- აცხადებს თენგიზ შარმანაშვილი.