13 სექტემბერი 2026,   23:36
ვრცლად
ანტიამერიკული რიტორიკა ოპოზიციურ მედიაში - როგორ აფასებენ მმართველ გუნდში "ფორმულას" ეთერში გასულ გადაცემას და დონალდ ტრამპის დისკრედიტაციის მცდელობას

მაგალითი, როგორ მუშაობს ანტიამერიკული პროპაგანდა - ამ სიტყვებით მმართველი გუნდი "ფორმულას" ეთერში გასულ გადაცემას აფასებს. საუბარია ნინო ჟიჟილაშვილისა და მისი რესპონდენტის განცხადებებზე, რომელიც ამერიკის შუალედური არჩევნების განხილვას მოჰყვა. საარჩევნო მანიპულაციები, არასერიოზული დაპირებები და ამომრჩევლის მოსყიდვა - ყველა ამ ბრალდების ადრესატი დონალდ ტრამპია. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ოპოზიციის დაფინანსებულ მედიაში ამერიკის პრეზიდენტს მიზანმიმართულად დასცინიან.

რესპუბლიკელები დემოკრატებთან მარცხდებიან, გამარჯვებისთვის კი ნებისმიერ საშუალებას, მათ შორის ხმების ყიდვასაც არ ერიდებიან - ინტერვიუ სწორედ ამის მტკიცებას ემსახურებოდა. ტრამპის საარჩევნო პროგრამას არასერიოზული უწოდეს. მათ შორის მის დაპირებას, რომელსაც ქართული პარალელი მოუძებნეს.

აპირებს თუ არა ამერიკის საელჩო დააფიქსიროს პოზიცია, დონალდ ტრამპის მისამართით გაკეთებულ საჯარო განცხადებებზე? - "კურიერმა" დიპლომატიურ მისიას წერილით უკვე მიმართა. საელჩოს რეაგირებამდე საკითხს ოპოზიციაში არ აფასებენ. "ნაცმოძრაობა" ოპოზიციური მედიით გახმოვანებულ ბრალდებებს გაემიჯნა. სააკაშვილის პარტიაში დღეს პირიქით, იმის მტკიცებასაც ცდილობდნენ, თითქოს ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან იდეოლოგიური თანხვედრა არა "ქართულ ოცნებას", არამედ "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს.

მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ ამერიკის პრეზიდენტის დისკრედიტაციის ამოცანა გლობალურია, რასაც ტრამპის ადმინისტრაციის მკვეთრად შეცვლილი მიდგომები განაპირობებს. მათ შორის სხვა ქვეყნებში პოლიტიკური მიზნებისთვის დაფინანსების გაცემასთან დაკავშირებით. უმრავლესობის თქმით, მათი ოპონენტები ერთი ერთში იმეორებენ იმ ანტიამერიკულ ნარატივს, რომელსაც ევრობიუროკრატია ავრცელებს.

ამერიკაში შუალედური არჩევნები ნოემბერში ჩატარდება. ირჩევენ წარმომადგენელთა პალატასა და სენატის მესამედს. ორივე პალატაში უმრავლესობა რესპუბლიკელებს აქვთ.

დღის ამბები