გაზრდილი საკონტეინერო ტვირთბრუნვა და ევროპა/აზიას შორის საქართველოს დამაკავშირებელი როლის გაძლიერება. შუა დერეფანში საკონტეინერო ტვირთნაკადების ბრუნვა მზარდია. მიმდინარე წლის 7 თვეში, ტრანსკასპიური საერთაშორისო მარშრუტით, ტრანზიტული გადაზიდვების მოცულობა 2025 წლის მონაცემებთან შედარებით 50 პროცენტით მეტია. ამ მარშრუტზე 350 საკონტეინერო მატარებელმა გაიარა.
საქართველოს გავლით გაზრდილია ყაზახური ნავთობპროდუქტების ტრანზიტიც. ამის შესახებ ინფორმაციას "ყაზტრანსოილი" ავრცელებს. ყაზახური კომპანიის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით 1 მილიონ 34 ათასი ტონა ნავთობი გადაზიდეს, რაც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 12%-ით მეტია. გაზრდილია ყაზახური ნავთობის ტრანზიტი ბათუმის ნავთობტერმინალის გავლითაც. გაზისა და ნავთობპროდუქტების ჯამური ტრანზიტი აქ, 3 პროცენტით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს.
მიმდინარე კონფლიქტებისა და გეოპოლიტიკური გაურკვევლობის ფონზე, შუა დერეფნის სტაბილურობისა და ტვირთბრუნვის ზრდა ქვეყანაში დამატებით შემოსავალს, ახალ სამუშაო ადგილებს და საერთაშორისო პროექტების განხორციელებას უწყობს ხელს. საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება პირდაპირ კავშირშია საქართველოს როგორც ლოგისტიკური ჰაბის ფუნქციის გაძლიერებასთან.
დაკავშირებადობის გაზრდის მიზნით, საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს ნავსადგურებთან დამაკავშირებელი სატრანსპორტო ქსელის გაფართოების სამუშაოები. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროცესი შემდეგ ფაზაში გადადის. საერთაშორისო პარტნიორებთან და საფინანსო ორგანიზაციებთან კონსულტაციები დასრულებულია და მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს, ანაკლიის პორტთან მისასვლელი რკინიგზის ახალი ხაზის სამშენებლო ტენდერი გამოცხადდება.