ტელეკომპანია "ფორმულას" გენერალურმა დირექტორმა ზურაბ გუმბარიძემ პროკურატურა 9 საათიანი დაკითხვის შემდეგ დატოვა. გუმბარიძის განცხადებით, კითხვები "რუსთავი 2-ისა" და კომპანია "ინტერმედიას" შორის ფინანსური ოპერაციების საქმეზე მიმდინარე გამოძიებას ეხებოდა, თუმცა "ფორმულას" გენერალური დირექტორი პროკურატურაში დაბარებას ახალი ტელეკომპანიის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიად აფასებს.
"კითხვების შინაარსი და თავად ის გარემოება, რომ ჩემი დაკითხვა დღეს მოხდა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს ყველაფერი, შესაძლოა, უკავშირდებოდეს ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში გასვლას. რაც შეეხება კითხვებს, კითხვები ეხებოდა იგივე საქმეს, რაზეც წარდგენილი აქვს ბრალი ნიკა გვარამიას, ზურაბ იაშვილს და კახა დამენიას. ჩემი მხრიდან იქნა ამომწურავად გაცემული ყველა კითხვაზე პასუხი,"- განაცხადა ზურაბ გუმბარიძემ პროკურატურის დატოვების შემდეგ.
ანალოგიური განცხადება გააკეთა მისმა ადვოკატმა ბექა ბასილაიამაც.
"ეს უნდა დავინახოთ ნიკა გვარამიას წინააღმდეგ წარმოებული დავის კონტექსტში, ეს უნდა დავინახოთ TV პირველის მფლობელების წინააღმდეგ და მისი ოჯახის წინააღმდეგ წარმოებული დავის კონტექსტში, ეს უნდა დავინახოთ ტელეკომპანია "იბერიას" რაც უქნეს, იმ კონტექსტში. ახლა გამოჩნდა ახალი მედიასაშუალება "ფორმულა", რომლის გენერალური დირექტორია ზუკა გუმბარიძე. ყველა იმ კითხვას, რაც დაისვა, პასუხი გაეცა და პასუხი ამ კითხვებზე ნათელი იყო პროკურატურაში დაბარებამდეც,"- განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, ტელეკომპანია "ფორმულას" გენერალური დირექტორი ზურაბ გუმბარიძე პროკურატურაში 2 ოქტომბერს 9 საათის განმავლობაში იკითხებოდა.