21 დეკემბერი 2024,   21:15
ვრცლად
მსახიობი ეკა ჩხეიძე შსს-ს მიმართავს

მსახიობი ეკა ჩხეიძე შიშობს, რომ მას და მისი ოჯახის წევრებს საფრთხე ემუქრებათ.
მსახიობისთვის ცნობილი გახდა, რომ მამაკაცი, რომელიც მას წლებია დასდევს და ემუქრება, გირაოთია გათავისუფლებული.

საკუთარი და ოჯახის უსაფრთხოების დასაცავად, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი სამართალდამცველებს მიმართავს. ეკა ჩხეიძე ბოლო წლებია, მისთვის უცნობი მამაკაცისგან მუქარის და ადევნების მსხვერპლია. როგორც აღმოჩნდა, მამაკაცი მსახიობს უკვე 5 წელია ავიწროებს. იყო ფაქტი, როდესაც მან სადარბაზოსთან გაისროლა კიდეც. 

როგორც მსახიობი "კურიერთან" ყვება, მოძალადე მას იძულებით ქორწინებას სთხოვს,  წინააღმდეგ შემთხვევაში კი თვითმკვლელობით იმუქრება.

შსს-მ ფაქტზე გამოძიება ქორწინების იძულებაზე და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაზე დაიწყო, ბრალდებული დააკავეს. თუმცა სასამართლომ ის გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლა. ეკა ჩხეიძე არ გამორიცხავს, რომ მისთვის უცნობმა მამაკაცმა ადევნება კვლავ გააგრძელოს.

მსახიობზე მოძალადე 56 წლის უჩა მიშველაძეა. ის პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში, უსაფრთხოების სამსახურში 10 წელია, მუშაობს. ბიბლიოთეკის თანამშრომლების თქმით, დისციპლინური გადაცდენის გამო მას პრობლემები რამდენჯერმე ჰქონდა.

მსახიობის მიმართ ძალადობაში ბრალდებულს სამართალდამცავებმა შემაკავებელი ორდერი უკვე გამოუწერეს. შს სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართევლოში განმარტავენ, რომ მოძალადეს შეზღუდვები  დაუწესეს, მათ შორის ეკრძალება ეკა ჩხეიძის სამუშაო ან საცხოვრებელ სახლთან მიახლოება, ასევე სატელეფონო და ნებისმიერი სხვა სახის კონტაქტი.

დამნაშავის გათავისუფლების შემდეგ მოსალოდნელ საფრთხეებს არ გამორიცხავენ უფლებადამცველები, რომლებიც ეკა ჩხეიძის საქმეში უკვე ჩაერთნენ. ბაია პატარაია, რომელიც დაზარალებულის ინტერესებს პირადად დაიცავს, აცხადებს, რომ მსგავსი შემთხვევბის დროს შსს-მ სპეციალური სამაჯურები უნდა გამოიყენოს, რათა მსხვერპლი მოძალადისგან მაქსიმალურად დაცული იყოს.

იმ შემთხვევაში თუ მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი პოლიციას მოძალადის მხრიდან რაიმე სახის კონტაქტზე ინფორმაციას მიაწვდის, 56 წლის მამაკაცს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცემენ.

დღის ამბები