18 ნოემბერი 2024,   21:34
ვრცლად
"დამოუკიდებლობის გზა, ეს არის ურყევი ნება ქართველი ხალხისა, შექმნას დემოკრატიული, თავისუფალი სახელმწიფო"- შტაინმაიერი

"დამოუკიდებლობის გზა, ეს არის ურყევი ნება ქართველი ხალხისა, შექმნას დემოკრატიული, თავისუფალი სახელმწიფო", - განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთობლივი ბრიფინგის დროს.  

შტაინმაიერმა ისაუბრა საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე და აღნიშნა, რომ გერმანია მას დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნის გზაზე მხარს უჭერს.

 "მე, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი, არაერთხელ ვსტუმრობდი საქართველოს, მაგრამ უკანასკნელი ვიზიტი, გერმანიის პრეზიდენტის 22 წლის წინ შედგა საქართველოში. მე ძალიან მიხარია, რომ ჩამოვედი გერმანიის პრეზიდენტის რანგში საქართველოში. დამოუკიდებლობის გზა, ეს არის ურყევი ნება ქართველი ხალხისა, შექმნას დემოკრატიული, თავისუფალი სახელმწიფო. გერმანია არამხოლოდ თვალს ადევნებდა ამას, არამედ იყო აქტიური მხარდამჭერი და ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი საქართველოსი ამ გზაზე. ის, რაც ჩვენმა ორმა ქვეყანამ განვლო უკანასკნელი წლების განმავლობაში ინტენსიური თანამშრომლობის მხრივ,  არის მართლაც სამაგალითო, ძალიან ინტენსიურად ვცვლით გამოცდილებას და ცოდნას და ჩვენ გვაქვს ორმხრივი თანამშრომლობა საქართველოსა და გერმანიას შორის,"- აღნიშნა შტაინმაიერმა.

შტაინმაიერის თქმით, გერმანულ-ქართული თანამშრომლობა ბოლო წლებში სამაგალითოა.

ასევე, ჩვენ ვისაუბრეთ, რომ გერმანია-საქართველოს მეგობრობის წელი, რომელიც იყო 2017 წელს და წარმატებით ჩაიარა, ამას მინდა ხაზი გავუსვა, რადგან მთელი სიმდიდრე გამოჩნდა ქართულ-გერმანული მეგობრობისა და ძალიან ბევრი ავტორი წარმოჩინდა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის კონტექსტში. ძალიან ბევრი ქართველი ავტორი გაიცნეს როგორც გერმანიამ, ასევე სხვა ქვეყნებმა. დღესდღეობით, გერმანულ გაზეთს ან ჟურნალს რომ გაეცნო, ძალიან ბევრი ინფორმაციაა საქართველოზე. პრაქტიკულად ყველა გაზეთსა და ჟურნალში ქართულ ლიტერატურაზე, ქართულ კულტურაზე, ასევე, ძალიან ბევრი კონკრეტული ინფორმაციაა, ვთქვათ, სვანეთში სტუმრობაზე. კახეთში რთველის დასწრებაზე. სწორედ ის შედეგი დგება, რომ საქართველო გერმანელი ტურისტებისათვის არის ძალიან მიმზიდველი და დარწმუნებული ვარ, მომავალ წელს გაიზრდება ტურისტების რაოდენობა საქართველოში. ქართველი ახალგაზრდები ჩადიან გერმანიაში, სწავლობენ, მუშაობენ და ეს არის ორივე ქვეყნის მონაპოვარი. ჩვენ გვიხარია, რომ ქალბატონი ნინო ხარატიშვილი, ახალგაზრდა ქართველი მწერალი, ცხოვრობს ჰამბურგში და ძალიან აქტიურად არის ჩართული ქართულ-გერმანულ ურთიერთობებში. ასევე, ზაალ ანდრონიკაშვილი ცხოვრობს ბერლინში და ახლავს ჩვენს დელეგაციას,"- განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა.

შტაინმაიერმა ასევე ისაუბრა ქართულ-გერმანულ ეკონომიკურ თანამშრომობასა და დადეგმილ ეკონომიკურ ფორუმზე, რაც ორივე მხარეს ახალ პერსპექტივებს მოუტანს.

"ორივე ქვეყანას ბევრი რამ აერთიანებს, უპირველეს ყოვლისა, ეს არის ქართულ-გერმანული კულტურული მემორანდუმი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ხორცხი შეესხა. ასევე ვიტყვი, რომ საქართველო არის ეკონომიკური რეფორმების ლიდერი. მიმზიდველი ადგილია გერმანელი ინვესტორებისთვის და ეს არის ძალიან სასიხარულო ფაქტი, რომლითაც ორივე ქვეყანა ძალიან ვამაყობთ. ჯერჯერობით ბოლომდე ამოწურული არ არის ეკონომიკური შესაძლებლობები და დღეს შედგება ხანმოკლე ეკონომიკური ფორუმი, რომელიც ეძღვნება ქართულ-გერმანულ ეკონომიკურ ურთიერთობებს. საუბარია არამხოლოდ ინვესტიციებზე, არამედ ქართველი ახალგაზრდების გერმანიაში სწავლების შესაძლებლობაზე," - აღნიშნა შტაინმაიერმა.

დღის ამბები