18 ნოემბერი 2024,   04:41
ვრცლად
"ვითხოვთ კალაძისა და მისი მოადგილეების დაკითხვას"- ხაბეიშვილმა ელექტროსისტემაში გამოვლენილ დარღვევებზე პროკურატურას მიმართა

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ხაბეიშვილმა ელექტროსისტემაში აუდიტის სამსახურის მიერ გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირებისთვის გენერალურ პროკურატურას მიმართა.

ხაბეიშვილის განცხადებით, თბილისის მერმა და მისმა მოადგილეებმა აღნიშნულ საკითხს პასუხი უნდა გასცენ.

"დღეს პროკურატურაში ჩვენ შევიტანეთ განცხადება, სადაც ვითხოვთ კახი კალაძისა და მისი მოადგილეების დაკითხვას მარტივი მიზეზით, თუ ისინი ძარცვავდნენ ენერგეტიკის სამინისტროდან სახელმწიფო ბიუჯეტს და 76 მილიონი ლარი რომ აზარალეს, 12 მილიონი ლარის პრემიადანამატი გასცეს, საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე უნდა გასცეს პასუხი კალაძემ და მისმა მოადგილეებმა," - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელ თორნიკე შერმადინის განცხადებით, საგამოძიებო უწყებას შესაძლო გადაცდომებზე ინფორმაცია მაკონტროლებელმა ორგანომ უკვე მიაწოდა.

მისივე განმარტებით, მომხდარი 2014-დან 2017 წლამდე პერიოდს მოიცავს.

"სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის შესაბამისობის აუდიტი, რომელიც მოიცავდა 2014-2017 წლებს, დარღვევები და ხარვეზები გამოვლინდა რამდენიმე მიმართულებით, ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება იყო რეაბილიტაციის გეგმა. გაცემულია რეკომენდაციები სისტემურ ხარვეზებთან დაკავშირებით, ელექტროსისტემას აქვს ვალდებულება, რომ წარმოადგინოს სამოქმედო გეგმა 20 დღის ვადაში, თუ როგორ აპირებენ ამ რეკომენდაციების შესრულებას," - აღნიშნა თორნიკე შერმადინმა.

დღის ამბები