10 სექტემბერი 2026,   03:53
ვრცლად
ჯანდაცვის სამინისტროდან გათავისუფლებული 51 ადამიანი - "კურიერის" ინფორმაციით თანამშრომლებს განცხადება იძულებით დააწერინეს

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან თანამშრომლებს ათავისუფლებენ. "კურიერის" ინფორმაციით, თანამშრომლებს წასვლის შესახებ განცხადების დაწერას აიძულებენ.

რეორგანიზაცია სამინისტროში უკვე ორი თვეა მიმდინარეობს. ამ დროისთვის, გათავისუფლებულია დეპარტამენტის თითქმის ყველა ხელმძღვანელი - საუბარია 51 ადამიანზე.

გათავისუფლებულებს შორისაა მამუკა ცოტნიაშვილი, რომელიც დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის პოზიციას 7 წელი იკავებდა. 

"დაახლოებით 7 წელი ვიყავი ამ თანამდებობაზე. არ არის მიზანშეწონილი, რომ ერთ თანამდებობაზე იყოს ადამიანი ამ პერიოდის განმავლობაში. რაც შეეხება იმ რეორგანიზაციის შედეგებს, რაც ლოგიკურად განხორციელდა დღეს, არის ჩვეულებრივი მუშა პროცესი, ზოგადად, რეორგანიზაციის შემდეგ გვექნება ახალი ხედვა, ახალი მიმართულება და ახალი გადაწყვეტილებების მიღება იმ მიმართულებაზე, რა მიმართულებითაც განხორციელდა ეს რეორგანიზაცია," - განაცხადა "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას მამუკა ცოტნიაშვილმა. 

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია განმარტავს, რომ რეორგანიზაციის ფარგლებში თანამშრომლების ზოგადი კომპეტენციის შესასწავლად კომისია შეიქმნა და თანამშრომელთა გათავისუფლების საკითხი ამის მიხედვით გადაწყდა. გაბუნიას თქმით, რადგან სამმართველოს უფროსის პოზიცია გაუქმდა, ამ პოზიციაზე მომუშავე ადამიანებს ალტერნატიული თანამდებობები შესთავაზეს. მისი თქმით, ნაწილი შემოთავაზებას დათანხმდა, ნაწილმა კი უარი განაცხადა.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეორგანიზაცია 24 ოქტომბრამდე გაგრძელდება და არ არის გამორიცხული, რომ გათავისუფლებულ თანამშრომელთა რიცხვი გაიზარდოს. რეორგანიზაციის მიზანი ოთხი მიმართულების - დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის, და სოციალური დაცვის გაერთიანებაა.  

ავტორი: ელიტა ანდღულაძე

დღის ამბები