არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" მთავარი პროკურორის, შალვა თადუმაძის უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობას ეჭვქვეშ აყენებს. ორგანიზაცია არ გამორიცხავს, რომ დიპლომი გაყალბებულია.
არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, შალვა თადუმაძის დიპლომში მითითებულია, რომ მან სასწავლებელში 1993 წელს ჩააბარა, თუმცა ინსტიტუტი 1994 წელს დაფუძნდა. ორგანიზაციის ცნობით, შეუსაბამობა იკვეთება სასწავლებლის დამთავრების თარიღთან დაკავშირებითაც - დიპლომში 1998 წელია აღნიშნული, შალვა თადუმაძეს ბიოგრაფიაში კი 1999 წელი აქვს მითითებული.
არასამთავრობო ორგანიზაცია ხაზს უსვამს იმ ფაქტსაც, რომ ადმინისტრაციული ორგანოები მრავალი თვის განმავლობაში სხვადასხვა მოტივით უარს ეუბნებოდნენ თადუმაძის დიპლომის ასლის მოწოდებაზე.
ამ დეტალებიდან გამომდინარე, "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" თვლის, რომ შესაბამისმა კომპეტენტურმა ორგანოებმა მთავარი პროკურორის დიპლომი უნდა შეისწავლონ და არსებულ შეუსაბამობასთან დაკავშირებით შესაბამისი განმარტებები წარმოადგინონ.