უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების უმაღლესი განათლების საკითხი სახალხო დამცველის ანგარიშში ფიგურირებდა.
სახალხო დამცველის მოადგილის გიორგი ბურჯანაძის ინფორმაციით, შესაბამის კვალიფიკაციასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარის ზაზა თავაძის, მთავარი პროკურორის, შალვა თადუმაძის და მოსამართლე მირანდა ერემაძის შემთხვევებში.
"საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარის ბატონ ზაზა თავაძის ანგარიშში მითითებულია, მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციიდან დასტურდება, ასევე ჩვენს მიერ გამოთხოვილი ინფორმაციითაც იქნა იდენტიფიცირებული, რომ მას აქვს სამართლის ბაკალავრის ხარისხი მაშინ, როდესაც კანონის მოთხოვნაა, რომ მოსამართლეობის კანდიდატს უნდა ჰქონდეს სამართლის მაგისტრის ხარისხი. ასევე, გარკვეული ბუნდოვანება და კითხვის ნიშნები არსებობს საქართველოს მთავარი პროკურორის, ბატონი შალვა თადუმაძის დიპლომთან დაკავშირებით. მის მიერ მითითებული სწავლის წლები სხვადასხვა ადგილას სხვადასხვანაირად ფიქსირდება. ასევე, ერთ-ერთ პრობლემურ შემთხვევად გვაქვს წარმოდგენილი მირანდა ერემაძის შემთხვევა. ამ მოსამართლეს დასრულებული აქვს ოთხწლიანი პროგრამა, რის შედეგადაც მას მინიჭებული აქვს ორმაგი ხარისხი. შესაბამისმა ცენტრმა მას არ უღიარა თავის დროზე, შემდეგ იქნა გასაჩივრებული სამი ინსტანციის სასამართლოში და ამ სამი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები, ჩვენი აზრით, გარკვეულ ბუნდოვანებებს და კითხვის ნიშნებს შეიცავს," - განაცხადა სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძემ.