18 ნოემბერი 2024,   20:41
ვრცლად
თადუმაძის განცხადებით, პროკურატურაში მის დანიშვნამდე არსებული კრიზისი, ინდივიდუალურად მისი დამსახურებით გადაილახა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატისა და მოქმედი მთავარი პროკურორის, შალვა თადუმაძის განცხადებით, კრიზისი, რომელიც მის დანიშვნამდე პროკურატურაში არსებობდა, ინდივიდუალურად მისი დამსახურებით აღმოიფხვრა.

აღნიშნული განცხადება მან პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.

"ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც მე აღმოვჩნდი მთავარი პროკურორი და ის კონტექსტი რაც არსებობდა, უმნიშვნელოვანესი იყო კონკრეტულ დაზარალებულ პირთან პროკურატურის სწორი კომუნიკაცია და ამ კრიზისული სიტუაციის გადალახვა და მე შემიძლია დღეს ვთქვა, რომ პროკურატურის სისტემაში ინდივიდუალურად ჩემი დამსახურებაა, რომ ის კრიზისი, რომელიც არსებობდა ჩემი დანიშვნის დროს საქართველოს მთავარ პროკურატურაში, დღეს გადალახულია," - განაცხადა თადუმაძემ.

თადუმაძემ ასევე ისაუბრა კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელსაც უშუალოდ მისი გადაწყვეტილებით კვალიფიკაცია შეეცვალა.

 "არ დამავიწყდება შემთხვევა, როდესაც ბრალდებული, რომელსაც განზრახ მკვლელობის მუხლით ედებოდა ბრალი და მტკიცებულებებით გამოიკვეთა და იურიდიული შეფასება დაჭირდა ამას და ბუნებრივია მე ჩართული ვიყავი ამ მძიმე დანაშაულის გამოძიების და კვალიფიკაციის ნაწილში. პირადად მე მივიღე გადაწყვეტილება მისთვის კვალიფიკაციის შეცვლის და აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ჩადენილი დანაშაულის კვალიფიკაციის მიცემის ამ ქმედებაზე და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის სიტყვები, რომელიც მაშინ ბრალდებულმა თქვა, რომ ადვოკატის კონსულტაციის შემდეგ იყო ასეთი პოზიცია, რომ ჯობს, რომ არ აღიარო და გაგიყვან და ბრალდებულმა თქვა, რომ არა, პროკურატურა მე მდებს ბრალს იმაში, რაც ჩავიდინე და მე ეს დანაშაული უნდა ვაღიარო,"- აღნიშნა შალვა თადუმაძემ.

მისივე თქმით, მაშინ, როდესაც იგი საპროკურორო  საბჭოს და პარლამენტის წინაშე წარდგა, განაცხადა, რომ  არც ერთი ადამიანი შესაბამისი ბრალის  სტანდარტის გარეშე ამ ქვეყანაში არ იქნება პასუხისგებაში მიცემული.

"ეს პატარა მონაკვეთი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მე შევძელი ეს გადაწყვეტილება მიმეღო და იმ დანაპირების ერთი კომპონენტი შემესრულებინა, რომელიც გავაკეთე, იმიტომ, რომ ასეთი პრაქტიკა როგორც წესი საქართველოს პროკურატურაში არ იყო, რომ ბრალდებულის მიმართ შემამსუბუქებელი კვალიფიკაციები გამოეყენებინათ იმ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფოებრივი რესურსი არსებობდა," - განაცხადა თადუმაძემ.

დღის ამბები