18 ნოემბერი 2024,   04:51
ვრცლად
ხორავას ქუჩის საქმე - ზაზა სარალიძე საქმეში მონაწილე პირების მიმოწერებს გაეცნო

ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში მოსწავლეების მიმოწერებს ერთ-ერთი მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე ადვოკატთან ერთად სამ საათზე მეტხანს ეცნობოდა.

სარალიძის უფლებადამცველმა შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ მასალები მნიშვნელოვან ინფორმაციას არ შეიცავს, რადგან დანაშაულის ჩადენის დღეს მომხდარი ჩანაწერები წაშლილია.

ნესტან ლონდარიძის თქმით, მასალები მხოლოდ 3 დეკემბერს, მკვლელობიდან ორი დღის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს ასახავს, სადაც მოსწავლეები ერთმანეთს მომხდარის შესახებ საკუთარ მოსაზრებებს უზიარებენ. ადვოკატის თქმითვე, ამ საუბრებში დასტურდება, რომ მიხეილ კალანდია შემთხვევის ადგილზე შერიგების მიზნით არ იმყოფებოდა და რომ სწორედ მან მიიყვანა იქ მკლელობაში მსჯავრდებულები.

"არის პატარა ფრაგმენტი გადმოცემული პირველი დეკემბრის, თუმცა ყველა ამ ფრაგმენტში არსებული ჩანაწერი არის წაშლილი. საუბრები არასრულწლოვნებს შორის გრძელდება 3 დეკემბრიდან, თუმცა ის მასალა, რაც არის უკვე გადმოცემული, თამამად შეგვიძლია ეს ვთქვათ, რომ ეს არის მიმოხილვა და განხილვა. ტელევიზიიდან მიღებული ინფორმაციის, ერთმანეთისგან მიღებული ინფორმაციის. ბავშვები ამახვილებდნენ ყურადღებას მის მონაწილეობაზე და ადასტურებდნენ  იმას, რომ ის ორი მსჯავრდებული, რომლებიც უკვე არიან საქმეში, წაიყვანა სწორედ მიხეილ კალანდიამ," - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, საქმეში მონაწილე პირების მიმოწერები ამერიკის ფედერალური ბიუროს დახმარებით "ფეისბუქსა" და "ინსტაგრამიდან" ამოიღეს.

 

 

 

დღის ამბები