ხორავას ქუჩის საქმეზე, მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესზე, დღეს ბრალდების მხარის ორი მოწმე დაკითხეს, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი. პროკურორის ინფორმაციით, 51-ე სკოლის მოსწავლეებმა სასამართლოს მომხდარის შესახებ ის ინფორმაცია მიაწოდეს, რომელიც მათ ინციდენტის დასრულების შემდეგ ერთ-ერთი მონაწილისგან მიიღეს. ბრალდების მხარე კონკრეტულ დეტალებზე არ საუბრობს.
"ერთ-ერთი მოწმე უშუალოდ ფლობდა ინფორმაციას იმ პირისგან, რომელიც მონაწილეობდა ხორავას ქუჩის კონფლიქტში და ფლობდა ინფორმაციას, მათ შორის ბრალდებულ მ.კ.-ს მონაწილეობასთან დაკავშირებით," - განცხადა პროკურორმა მირიან მეგრელიშვილმა.
ადვოკატის განცხადებით, მოწმეების ჩვენებები არასარწმუნოა, რადგან მათ ეს ინფორმაცია პირველ ეტაპზე გამოძიებისთვის არ მიუწოდებიათ. დაცვის მხარის ვარაუდით, პროკურატურა დაკითხულ პირებზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობს.
"ბრალდებამ წარმოადგინა 2 არასრულწლოვანი მოწმე, რომლებმაც სასამართლოს მიაწოდეს ირიბი ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ერთ-ერთი მოწმისგან მოისმინეს თუ როგორ ჩაიყო მარჯვენა ხელი კალანდიამ ჯიბეში. პროკურატურამ სათანადო ტრეინინგები ჩაუტარა არასრულწლოვან მოწმეებს და ისინი მომზადებული მოიყვანა სასამართლო პროცესზე," - აღნიშნა მიხეილ კალანდიას ადვოკატმა, ზურაბ თოდუამ.
რაც შეეხება ამერიკის ფედერალური ბიუროს მიერ გავრცელებულ ჩანაწერებს, ზაზა სარალიძის ადვოკატისგან განსხვავებით, კალანდიას უფლებადამცველი ამბობს, რომ სოციალური ქსელებიდან ამოღებული მიმოწერა დანაშაულის დღეს მოსწავლეებს შორის გამართულ დიალოგებსაც ასახავს, სადაც, მისი თქმით, კალანდიას მხრიდან დანაშაულისკენ მოწოდება არსად იკვეთება.