18 ნოემბერი 2024,   04:19
ვრცლად
გზის მშენებლობის გამო საფრთხეში მყოფი სოციალურად დაუცველი ოჯახები

ხელვაჩაურში, ოპიზრების ქუჩაზე,  სოციალურად დაუცველი 16 ოჯახი ცხოვრობს. მათი პრობლემები სარფი-ბათუმი-ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობასთან ერთად დაიწყო. სახლების მიმდებარედ, მაგისტრალის მშენებლობისთვის და გზის დასაგებად 12 მეტრიანი მიწის მასაა გამზადებული, საიდანაც წვიმის დროს დიდი რაოდენობით წყალი ჩადის და სახლის კედლებს აზიანებს.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც სოციალურად დაუცველ ოჯახებს აწუხებთ, დასახლებასთან ახლოს მდებარე ბეტონის ქარხანა და ქვის საამქროა, რომელიც 24 საათი მუშაობს. "კურიერთან" საუბრისას მოსახლეობა ამბობს, რომ ქარხნის მტვერი მათ ეკოლოგიურ საფრთხეს უქმნის, ხმაური კი ღამით არ აძინებთ.

სოციალურად დაუცველმა ოჯახებმა მშენებარე მაგისტრალთან დღეს საპროტესტო აქცია გამართეს და ხელისუფლებისგან ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი ან ფულადი კომპენსაცია მოითხოვეს.

პროტესტის მონაწილეების მოთხოვნებს საავტომობილო გზების დეპარტამენტში უპასუხეს და განმარტეს, რომ ოჯახების გასახლება და კომპენსაციების გაცემა საზედამხედველო კომპანიის რეკომენდაციებით ხდება. "ორბი ბეტონის" დირექტორი კი აცხადებს, რომ ქარხნის მუშაობა მოსახლეობას საფრთხეს არ უქმნის.

ხელვაჩაური-სარფის გზის 16 კილომეტრიანი მონაკვეთი სარფი-ბათუმი-ქობულეთის შემოვლითი გზის ნაწილია. მისი მშენებლობის დასრულება მომავალ წელს იგეგმება. დაკმაყოფილდება თუ არა მანამდე სოციალურად დაუცველი ოჯახების მოთხოვნა, კომპანიის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

ავტორი: ლელუკა ჯავახიშვილი

დღის ამბები