18 ნოემბერი 2024,   04:41
ვრცლად
გოჩა ვეფხვაძის გარდაცვალების შემდეგ "კურიერმა" ახალი დეტალები გაარკვია - საქმეში ყოფილი მაღალჩინოსნის გვარი ფიგურირებს

სისხლიანი გარჩევა ლისის ტბაზე - დაპირისპირებისას დაჭრილი გოჩა ვეფხვაძე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

გოჩა ვეფხვაძის გარდაცვალების შედეგ "კურიერის" რედაქციას კონფიდენციალურმა პირმა წერილი ელექტრონული ფოსტით გამოუგზავნა. გზავნილის ავტორი "კურიერს" ახალი ფიგურანტების შესახებ ამცნობს. წერილში ნახსენებია, რომ მიმალვაში მყოფ 5 პირს ყოფილი მაღალჩინოსანი და მისი დაჯგუფების წევრები ეხმარებოდნენ.

"კურიერი" არ არღვევს ჟურნალისტურ სტანდარტებს, ასევე უდანაშაულობის პრეზუმფციას და  არ ასაჯაროებს ინფორმაციას წერილში დასახელებული პირების შესახებ, რადგან მათი გვარები არ ფიგურირებს საქმის ოფიციალურ ნაწილში.

"კურიერის" გადამღები ჯგუფი შეეცადა მათთან გასაუბრებას და კითხვებზე პასუხის მიღებას, ასევე დაუკავშირდა მათთან დაახლოებულ პირებსა და ადვოკატებს, რათა  კითხვებზე კონკრეტული პასუხები მიეღო. "კურიერი" ამ დრომდე ელოდება მათგან რეაგირებას, პასუხების მიუღებლობის შემთხვევაში კი "კურიერი" წერილის სრულ ვერსიას გამოაქვეყნებს, სადაც მათი სახელები და გვარები იქნება მოცემული.

როგორც წერილის ავტორი ამტკიცებს, მკვლელობა წინასწარ დაგეგმილი იყო, ხუთივე პირს ჰქონდა იარაღი და იცოდნენ, როგორ და ვისი დახმარებით უნდა მიმალულიყვნენ.

ამ დეტალებზე გოჩა ვეფხვაძის ადვოკატი ვერ საუბრობს. ის ჯერ კიდევ არ იცნობს საქმის დეტალებს. დაცვის მხარეც ვარაუდობს, რომ ბრალდებულებს გავლენიანი მფარველები ჰყავთ, რადგან პროკურატურას გოჩა ვეფხვაძის ოჯახის წევრისთვის დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე არ მიუნიჭებია.

გოჩა ვეფხვაძე დღეს, დილის 8 საათზე, გარდაიცვალა. მრავლობითი ცეცხლსასროლი და დანით მიყენებული ჭრილობებით ის საავადმყოფოში 6 ოქტომბერს მოათავსეს. ვეფხვაძეს რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა, დასჭირდა ნეიროქირურგიული ჩარევაც.

მოკლულის ოჯახის წევრები საგამოძიებო უწყებების დაგვიანებულ რეაგირებაზე საუბრობენ. ასევე, გაუგებარია, რატომ გადაიყვანეს გარდაცვლილი მამაკაცი ექსპერტიზის ბიუროში ოჯახის ნებართვის გარეშე.

უკვე 9 დღეა პოლიცია უშედეგოდ ეძებს გაქცეულ 5 მამაკაცს. ერთ-ერთი ბრალდებულის დავით რუსიას საცხოვრებელ სახლთან, მეზობლების თქმით, ჩხრეკაც ჩატარდა.

6 ოქტომბერს ლისის ტბაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის შემდეგ პოლიცია 5 მამაკაცს ამ დრომდე ეძებს, მათ გოჩა ვეფხვაძის თავისუფლების აღკვეთასა და განზრახ მკვლელობას ედავებიან.

გაქცეულ დავით რუსიას, ნიკა კუტალაძეს, ვაჟა ოჩიგავას, ზაზა მაჩაბელსა და დავით ბერეჟიანს დაუსწრებლად ბრალი წარედგინათ, ბრალის წარდგენიდან 48 საათის შემდეგ კი მათ საქალაქო სასამართლომ  დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა.

დღის ამბები