11 სექტემბერი 2026,   13:42
ვრცლად
"გაიხსნა ჭოველიძისა და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის მონაკვეთი მეტრო რუსთაველის მიმდებარედ, შესაბამისად, შეიცვალა სატრანსპორტო გადაადგილების სქემა"- მზევარ გოგილავა

რუსთაველის გამზირზე, ჭოველიძის ქუჩიდან ჯავახიშვილის დაღმართამდე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია. სასწავლო პროცესის დაწყებასთან ერთად გაზრდილი ნაკადების გამო, ამ მონაკვეთზე გზის გახსნა დაჩქარდა.

მერიაში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე, ტერიტორიაზე არსებული საგზაო მონიშვნები დროებითია და ადგილი სრულად, როგორც დაგეგმილი იყო, ნოემბრისთვის მოწესრიგდება. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მთლიანად შეიცვალა მიწისქვეშა ქსელები და სამუშაოებმა ტროტუარებზე გადაინაცვლა.

"ასფალტის ქვედა ფენის საფარი მოვაწყვეთ, უკვე მოძრაობა შესაძლებელიa, გადაადგილება არის შეუფერხებელი. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ სრულად დავასრულეთ ამ მონაკვეთში მუშაობა. ტროტუარებზე მიმდინარეობს სამუშაოები. ახლა რაც დაიხაზა უკვე, ეს არის დროებითი საგზაო ნიშნები და, როგორც მოსახლეობისთვის პირობა გვაქვს მიცემული, ნოემბრის ბოლოსთვის სრულად იქნება მთლიანი გამზირი დამთავრებული," - აცხადებს თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანი.

ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილე მზევარ გოგილავამ ტრანსპორტის გადაადგილების ახალ სქემაზე ისაუბრა.

"გაიხსნა ჭოველიძისა და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის მონაკვეთი მეტრო რუსთაველის მიმდებარედ, შესაბამისად, შეიცვალა სატრანსპორტო გადაადგილების სქემა. ფილარმონიიდან მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილდებიან როგორც ჯავახიშვილის ქუჩის, ასევე ძმები კაკაბაძეების ქუჩის მიმართულებით. შეიცვალა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები, - მარშრუტები, რომლებიც გადაადგილდებოდნენ რუსთაველის გამზირის მიმართულებით, იმუშავებენ არა კოსტავას ქუჩით, არამედ ფილარმონიიდან ჯავახიშვილის ქუჩის მიმართულებით," - განაცხადა მზევარ გოგილავამ.

დღის ამბები