"არა ოკუპაციას" - ქუთაისში სამოქალაქო მოძრაობა "რუსეთი ოკუპანტიას" წევრებმა, მოქალაქეებმა და პილიტიკოსებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა მესხიშვილის თეატრში მოსკოვის "ნიკიტკის კარიბჭის" თეატრის გასტროლები გააპროტესტეს. მათი თქმით, მიუღებელია მოსკოვის თეატრის სტუმრობა, იმ ფონზე, როდესაც ქვეყნის 20% ოკუპირებულია.
აქციის მონაწილეებმა მოსკოვის თეატრს წითელი ბარათები უჩვენეს და მათგან პოზიციის დაფიქსირება მოითხოვეს. "წითელი ბარათი მესხიშვილის თეატრის ხელმძღვანელობას და წითელი ბარათი მოსკოვის თეატრს. მაშინ, როდესაც ოკუპაცია გრძელდება, უხერხულია, მოსკოვის თეატრის ვიზიტი" - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.
აქცია სპექტაკლის პარალელურად გაიმართა. ამასთან, ერთგვარი პროტესტი გამოხატა მსახიობების ნაწილმა. მათ სპექტაკლის დაწყების წინ მაყურებლებს დაურიგეს ბროშურები და სტიკერები, წარწერით "რუსეთი ოკუპანტია". მათი თქმით, ამ ფორმით შეახსენეს მოქალაქეებს, რომ ქვეყნის ოკუპაცია გრძელდება.
მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის კოტე აბაშიძის თქმით, დამეგობრებულ თეატრს მასპინძლობენ და ეს კულტურული ურთიერთობაა. მისი თქმით, ღონისძიების დაგეგმვაში არც ერთ სახელმწიფო ინსტიტუციას, არც საქართველოში და არც რუსეთში მონაწილეობა არ მიუღია.
მოსკოვის "ნიკიტკის კარიბჭის“ გასტროლები ქუთაისში დღეს დაიწყო. ორი დღის მანძილზე მესხიშვილის თეატრის სცენაზე წარმოდგენილი იქნება რუსულენოვანი სპექტაკლები.