შიდა ქართლში, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას ექსპერტები საერთაშორისო ფორმატის ცვლილების აუცილებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას. პოლიტოლოგ ხათუნა ლაგაზიძის განმარტებით, ჟენევის მოლაპარაკებები ოკუპაციის საკითხების მოსაგვარებლად ქმედითი ფორმატი არ არის და აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებამ სხვა მექანიზმებზეც იმუშაოს.
"პირველ რიგში, უნდა შეიცვალოს საერთაშორისო ფორმატი, იმიტომ რომ ჟენევის ფორმატმა ჩანს, რომ საკუთარი თავი ამოუწურა. ოკუპაციის შეჩერების თვალსაზრისით ჟენევის ფორმატი აღარ არის ქმედითი მექანიზმი. მეორე რიგში, საქართველოს ხელისუფლება უნდა გააქტიურდეს საერთაშორისო ასპარეზზე. თუ ოდესმე უნდა ვყოფილიყავით აქტიურები ამ მიმართულებით უნდა ვიყოთ დღეს და ჩვენი ხმა მსოფლიოს მივაწვდინოთ," - აღნიშნა ხათუნა ლაგაზიძემ.
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელი ნოდარ ხარშილაძე კი, ატოცში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და მიმდინარე პროცესებს მთავრობის უმოქმედობის ლოგიკურ გაგრძელებად მიიჩნევს.
"ამ ქვეყანაში არის უსუსურობის შეგრძნება. ხელისუფლებამ ვერაფრით ვერ მოიფიქრა ისეთი მექანიზმი, რომელიც რაიმეს დაუპირისპირებდა ოკუპაციას. საერთაშიროსო ფორმატებზე უნდა იყვნენ ბევრად უფრო აქტიურები, რასაც ბევრი დრო სჭირდება. ძალიან რთულია ერთ დღეში ამის გაკეთება," - განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.