18 ნოემბერი 2024,   03:52
ვრცლად
"ეს არის თქვენივე დადგენილი წესის ფეხებზე დაკიდება" - ბოკერია მიქაუტაძეს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს გიორგი მიქაუტაძეს "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ კითხვები რეკომენდატორების რაოდენობასთან დაკავშირებით დაუსვა.

გიგა ბოკერია დაინტერესდა, რატომ წარმოადგინა მიქაუტაძემ მხოლოდ ორი რეკომენდატორი, როდესაც დადგენილი წესის მიხედვით, სამი უნდა წარმოედგინა. 

"საბჭომ დაადგინა, რომ უნდა ყოფილიყო სამი რეკომენდატორი. მე არ ვიძახი, სწორი იყო ეს, ორი იყო სწორი, ხუთი თუ შვიდი, დაადგინა სამის წესი. თქვენ ეს წესი დაარღვიეთ და მხოლოდ ორი რეკომენდატორი წარმოადგინეთ, ახლა მითხარით, რატომ მოიქეცით ასე,"- მიმართა ბოკერიამ მიქაუტაძეს. 

გიორგი მიქაუტაძემ ბოკერიას უპასუხა, რომ მოთხოვნებს ორგანული კანონი ადგენს, სადაც რეკომენდატორებზე არაფერი წერია.

გიგა ბოკერიამ გიორგი მიქაუტაძეს პასუხად აღნიშნა, რომ ეს დადგენილი წესის ფეხებზე დაკიდებაა

"ანუ ფეხებზე დაიკიდეთ. ჩემივე გაგებით, ეს არის ფეხებზე დაკიდება თქვენივე ორგანოს მიერ დადგენილი წესის,"- განაცახდა ბოკერიამ. 

ბოკერია, ასევე დაინტერესდა, თუ რას გულისხმობდა მიქაუტაძე, როდესაც ერთ-ერთ განცხადებაში არასამთავრობო სექტორის მხრიდან მუქარაზე საუბრობდა. 

"ერთ-ერთ განცხადებაში თქვენ ბრძანებთ, რომ ჩვენი ფუნქციაა პასუხი გავცეთ, იგულისხმებოდა მოვიგერიოთ, თავი დავიცვათ, როგორც ხელისუფლების მუქარებისგან, ისე არასამთავრობო სექტორის მუქარებისგან. არასამთავრობო სექტორის მუქარებზე რომ საუბრობთ, ხომ არ შეგიძლიათ გვითხრათ, რა მუქარებს გულისხმობდით, ან მაგალითი მითხარით, რისი გეშინოდათ, რისგან იგერიებდით თავს,"- მიმართა ბოკერიამ მიქაუტაძეს. 

მიქაუტაძის შეფასებით, როდესაც არასამთავრობო სექტორი მოსამართლეთა მოხსნას ითხოვს, ეს მუქარაა. 

ბოკერიამ მიქაუტაძეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ლევან მურუსიძის წინასაარჩევნო აქტივობებიც შეახსენა და იკითხა, სწორია თუ არა, როდესაც მოსამართლე ასე იქცევა. 

"მოსაზრება, კრიტიკა, შეხედულება და მუქარა ერთი და იგივეა თქვენი აზრით? ბატონი მურუსიძის საქციელი, როდესაც პოლიტიკური კანდიდატი ოპოზიციის გამოიწვია დებატებში, ეკამათა მას მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე, მათ შორის მის არჩევანზე, რომელ პარტიას შეერთებოდა, გაიმეორა სიტყვა-სიტყვით მის მიმართ მმართველი პარტიის მიერ წარმოებული კამპანიის ყველა "არგუმენტი", ეს არის მოსამართლის ნორმალური საქციელი?"- იკითხა ბოკერიამ

მიქაუტაძემ პასუხის გაცემა ლევან მურუსიძის სახელის ხსენების გარეშე დაიწყო. ბოკერიამ სთხოვა, ეხსენებინა ეს სახელი და გვარი. მიქაუტაძემ თხოვნა შეასრულა და გაიმეორა: "ლევან მურუსიძე," რისთისაც ბოკერიასგან მადლობა მიიღო. 

შეგახსენებთ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის ფარგლებში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის მოსმენა მიმდინარეობს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები