დმანისში, სოფელ ჯავახში მოკლული გიორგი ადუაშვილის მკვლელობის საქმეზე "კურიერმა" ახალი დეტალები გაარკვია. შესაძლოა, მამის მიერ ჩადენილი მკვლელობისთვის პასუხისგება შვილს მოუწიოს. საქმე კი, მკვლელობაში ბრალდებული დავით ბალახაძის მამას ეხება, რომელიც მკვლელობას აღიარებს. იგი თითქმის ყოველ დღე პროკურატურაში დადის და ითხოვს დააკავონ, თუმცა, ამ დრომდე თავისუფალია.
დღეს მკვლელობის საქმეზე დაკავებულის დედამ, ადვოკატთან ერთად სამართალდამცველებს კიდევ ერთხელ, ამჯერად ტელეეთერით მიმართა.
უფლებადამცველი ოჯახთან ერთად, ირწმუნება, რომ ბრალდებული უდანაშაულოა. მკვლელობა კი დაკავებულის მამამ ჩაიდინა. ადვოკატი ამბობს, რომ მტკიცებულებებიც აქვს, მაგრამ სამართალდამცველები, რომლებმაც საქმე გახსნილად გამოაცხადეს, ახალ გამოძიებას არ იწყებენ.
დავით ბალახაძე, გიორგი ადუაშვილის მკვლელობისთვის დაკავებული გიორგი ბალახაძის მამა "კურიერთან" ექსკლუზიურად ჩაწერილ ინტერვიუში ჩადენილ დანაშაულს აღიარებს და ამბობს, რომ გამოძიებას მან ეს ვერსია არაერთხელ მოუყვა, თუმცა უშედეგოდ.
პროკურატურამ გახსნილი საქმეების რაოდენობას ადუაშვილის მკვლელობაც მიაწერა და მამის აღიარება არაფრად ჩათვალა. "კურიერთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში დავით ბალახაძე დეტალურად იხსენებს დანაშაულის დღეს და მომენტს, როცა მან გიორგი ადუაშვილს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
ირკვევა, რომ დაკავებულის მამა წარსულში სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისთვისაა ნასამართლევი, სწორედ ამიტომ დავით ბალახაძემ პოლიციელების რჩევით ჩათვალა, რომ შვილზე მამხილებელი ჩვენების მიცემით სამუდამო პატიმრობას გადარჩებოდა. პოლიციისგან კი პირობა მიიღო, რომ გიორგი ბალახაძის წინააღმდეგ გამოძიება შემამსუბუქებელი მოგერიების მუხლით დაიწყებოდა, შედეგად კი მამამ შვილის წინააღმდეგ ჩვენება იმ ღამესვე მისცა.
"კურიერის" ინფორმაციით, საქმის მასალებში ბრალდების მხარეს გიორგი ბალახაძის წინააღმდეგ მტკიცებულების სახით მხოლოდ მამის აღიარება და ოჯახის ახლობლის ჩვენება აქვთ. დავით ბალახაძე ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც გიორგი ბალახაძის მიმართ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო მან, როგორც ქვემო ქართლის პროკურატურას, ასევე სასამართლოს სიმართლე არაერთხელ უამბო და ყურადღება დანაშაულის იარაღზე კერძოდ დანაზე გაამახვილა, რომელიც ამ დრომდე არსად ჩანს, მაგრამ გამოძიება ამ მნიშვნელოვანი დეტალებით არ დაინტერესდა.
კითხვები, რომელიც საქმის ირგვლივ დაგროვდა ბევრია, ქვემო ქართლის პროკურატურაში "კურიერის" კითხვებზე პასუხების გაცემა კი არ ისურვეს.