პროკურატურა სისტემურ პრობლემას არ გამოიძიებს, ეს მხოლოდ ფორმალობაა - ასე ეხმიანება თბილისის ყოფილი პროკურორი გენერალური პროკურატურის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ გენერალურმა ინსპექციამ სალომე ადეიშვილის სკანდალური პოსტის საფუძველზე შესწავლა დაიწყო.
როგორც მაია მწარიაშვილი ამბობს, უწყებაში სერიოზული პრობლემებია და ადეიშვილის პოსტში მოყვანილი ფაქტები მისთვის მოულოდნელობა არ ყოფილა.
"ქალაქის ყოფილი პროკურორი, ვეთანხმები აბსოლუტურად ამ გოგონას მიერ აღწერილ პრობლემებს. პროკურატურა ყველა იმ მანკიერ მხარეებს ატარებს, რაც იმ წერილშია აღწერილი,"- აცხადებს მაია მწარიაშვილი.
საგამოძიებო ორგანოს პოლიტიზირებაზე საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაციებში.
"ისევ იმ დროში ვართ, როდესაც დამოუკიდებელი არ არის საგამოძიებო ორგანო. გადაწყვეტილებები მიიღება პოლიტიკურ დონეზე, არის ნეპოტიზმი და სავარაუდო სექსუალური შევიწროვების ფაქტები და ქალების ჩაგვრა. რეალურად მე არ მაქვს იმედი, რომ ამ ფაქტს ობიქეტური გამოძიება მოჰყვება,"- აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორი ალეკო ცქიტიშვილი.
შეგახსენებთ, სალომე ადეიშვილმა პროკურატურა 15 ოქტომბერს დატოვა. ყოფილმა პროკურორმა ფეისბუქზე ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, სადაც უწყებაში არსებულ ზეწოლაზე ისაუბრა.