18 ნოემბერი 2024,   03:37
ვრცლად
ცოლის არაერთხელ სასტიკი წამებისთვის ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს

უმძიმესი დანაშაული - შიდა ქართლში მამაკაცი  ცოლს გახურებული რკინით, რეზინის მილებითა და გაყინული წყლით ორი მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით აწამებდა.

წყარო, რომელიც "კურიერს" ოჯახური ძალადობის მძიმე დეტალებს უყვება, საკუთარ წერილში აღწერს, რომ ახალგაზრდა ქალი არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი ხშირად იყო.

გამოძიებას დადგენილი აქვს, რომ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შესახებ ინფორმაცია ოჯახის წევრებს , ასევე ირგვლივ მყოფ ადამიანებსაც ჰქონდათ, მაგრამ დანაშაულზე არავინ რეაგირებდა.

პოლიციას დახმარებისთვის  მისამართზე გამოძახებულმა სასწრაფომ მიმართა, რომელსაც სახლში დამწვარი და ნაცემი ახალგაზრდა ქალი დახვდა. მოძალადე მამაკაცი პოლიციამ უკვე დააკავა.

საქმეში დევს დაზარალებული ქალის დედის ჩვენებაც, რომელიც ძალადობის მსხვერპლზე ამბობს, რომ ფსიქიკური პრობლემები აქვს. თუმცა დედის ნათქვამი ექსპერტიზამ არ დაადასტურა.

ახლა დაზარალებული ქალი რეაბილიტაციის კურსს გადის. ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს. პროკურატურას კი აქვს არაერთი უტყუარი მტკიცებულება, რომლებიც ადასტურებს, როგორ ძალადობდა ქმარი საკუთარი შვილების თანდასწრებით ახალგაზრდა ცოლზე.

"კურიერის" რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, დაკავებული დავით ოქროპირიძის ოჯახი სახლში არ დაგვხვდა. წამებაში დადანაშაულებული მამაკაცის დედა სატელეფონო ინტერვიუზე დაგვთანხმდა და გვითხრა, რომ ხელსაწყოთი დამწვრობა ახალგაზრდა ქალმა თავად მიიყენა.

იმის გამო, რომ ჩხუბის ფაქტებს 4 და 7 წლის ბავშვებიც ესწრებოდნენ, პროკურატურამ ისინიც გამოკითხა. საქმეში სოციალური მუშაკი ჩაერთო, რომელიც არასრულწლოვან ბავშვებთან მუშაობდა და მათ უფლებებზე ზრუნავდა.

29 წლის მამაკაცის წინააღმდეგ გამოძიება ერთდროულად 4 მძიმე მუხლით მიმდინარეობს. მათ შორის მოძალადე ქმარს წლების წინ ჩადენილ დანაშაულსაც ედავებიან - ის ფიზიკურად ცოლს ორსულობის დროსაც უსწორდებოდა.

დღის ამბები