დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის ღამეს დაკავებული მორის მაჩალიკაშვილისა და ბეჟან ლორთქიფანიძის სასამართლო პროცესი მტკიცებულებების შესწავლით გაგრძელდება.
ბრალდებულების უფლებადამცველების თქმით, პროკურატურას არ აქვს მტკიცებულებები, რომელიც მათ დანაშაულს ამტკიცებს. გარდა ამისა, ისინი საქმის პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობენ.
"ამ ეტაპზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევა მიმდინარეობს. წინა პროცესზე გამოვიკვლიეთ ჰაპტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა და დღევანდელი პროცესისთვისაც ალბათ ბრალდების მხარე რამდენიმე მოწმეს წარმოადგენს,“ - აღნიშნა მორი მაჩალიკაშვილის ადვოკატმა, ქეთი ჩუთლაშვილმა.
ბიოლოგ, ბეჟან ლორთქიფანიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილთან ერთად სასამართლო დღესვე გიორგი ქურდოვანიძისა და ილია მემარნიშვილის საქმეებზეც იმსჯელებს. ოთხივე მათგანს ჯგუფური ძალადობის ორგანიზება/მონაწილეობაში ადანაშაულებენ, რაც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.