27 აპრილი 2024,   04:09
ვრცლად
აბსურდული ბრალდება თუ შეთქმულება პატრიარქის წინააღმდეგ - მეუფე იაკობის განცხადების საფუძველზე გამოძიება ჯერაც არ დაწყებულა

გამოძიების არ დაწყება დანაშაულის აღიარებას ნიშნავს, - ოპოზიციონერი დეპუტატები მეუფე იაკობის განცხადებების საფუძველზე გამოძიების დაწყებას ითხოვენ. კომენტარი აღარ გაუკეთებია ბრალდებების ერთ-ერთ მთავარ ადრესატს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, რომელმაც ორი დღის წინ ეპისკოპოსის განცხადებას სისულელე უწოდა.

შეფასებებისგან თავი შეიკავეს მინისტრთა კაბინეტის წევრებმაც. გახარიას თანაგუნდელები დღეს მთავრობის მეთაურის წინააღმდეგ დაგეგმილ კამპანიაზე ალაპარაკდნენ.

აღმასრულებელი ხელისუფლებისგან განსხვავებით, ბოდბელი ეპისკოპოსის მონათხრობში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს ხედავენ და გამოძიების დაწყებას მოითხოვენ საკანონმდებლო ორგანოში. "ევროპული საქართველო" მეუფეს პარლამენტში მისვლასაც სთავაზობს და კონკრეტულ ბრალდებებზე დეტალურად საუბარს ურჩევს. იმ შემთხვევაში, თუკი გამოძიება არ დაიწყება, ოპოზიცია საპარლამენტო კომისიის შექმნის საკითხის დაყენებას გეგმავს.

დამოუკიდებელი დეპუტატები ფიქრობენ, რომ პარლამენტი სასულიერო პირების ადგილი არ არის და ამ საკითხებზე ისევ ეკლესიის წიაღში უნდა იმსჯელონ.

საპატრიარქოს, ეკლესიაში არსებული პრობლემების საკუთარ კედლებში გადაწყვეტას ურჩევს არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ნინო ბურჯანაძეც. ბურჯანაძემ დღეს ამ თემას ბრიფინგი მიუძღვნა და ხელისუფლებასაც მეტი განმარტებების გაკეთებისკენ მოუწოდა.

პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს უჭირს დაჯერება, რომ ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებს პატრიარქის გადაყენება სურდათ. მმართველი გუნდის წარმომადგენლები დღეს თავშეკავებულები იყვნენ და მხოლოდ იმას ამბობდნენ, რომ პოლიტიკური სპეკულაციები დაუშვებელია, გუშინ კი ღიად მიანიშნებდნენ ეპისკოპოსის არაფხიზელ მდგომარეობაზე.

დაიკითხებიან თუ არა ყოფილი და მოქმედი პრემიერები, ასევე შინაგან საქმეთა მინისტრი, უცნობია. გენერალურ პროკურატურას ამ დრომდე განცხადება არ გაუკეთებია. 

დღის ამბები