Meridian Capital NL B.V-ს მოცემულ ეტაპზე არ გააჩნია ანაკლიის პორტის პროექტში ინვესტორის სახით მონაწილეობის შესაძლებლობა - განცხადებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. განცხადებაში წერია, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ითვალისწინებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მიმართ არსებულ მაღალ საჯარო ინტერესს და საზოგადოებას აწვდის დადასტურებულ ინფორმაციას პროექტის არსებული სტატუსისა და მისი განვითარების შესახებ.
"საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ ამერიკული კომპანია Conti International-ის მიერ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტიდან გასვლის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა საქართველოს მთავრობას შესათანხმებლად წარუდგინა კომპანია Meridian Capital NL B.V. "
"Conti International-ის ჩამნაცვლებელი ახალი ინვესტორის მოწონების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების ვადა საინვესტიციო ხელშეკრულებით განისაზღვრა მიმდინარე წლის 29 ოქტომბრით."
"2019 წლის 28 ოქტომბერს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წერილობით მიმართა Meridian Capital NL B.V-ის წარმომადგენელმა, რომელმაც დაადასტურა, რომ Meridian Capital NL B.V-ს მოცემულ ეტაპზე არ გააჩნია ანაკლიის პორტის პროექტში ინვესტორის სახით მონაწილეობის შესაძლებლობა, რისთვისაც ითხოვა საქართველოს მთავრობისგან Meridian Capital NL B.V-ის მოწონების თაობაზე ყველა მიმდინარე პროცედურის შეჩერება."
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ითვალისწინებს Meridian Capital NL B.V-ის თხოვნას და გამოთქვამს მზადყოფნას მომავალშიც ხელი შეუწყოს სათანადო გამოცდილების, ფინანსური და საქმიანი რეპუტაციის მქონე ყველა ინვესტორს მონაწილეობა მიიღოს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების პროექტში - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.