23 აპრილი 2024,   17:18
ვრცლად
"ტუბერკულოზის ეპიდემიასთან ბრძოლას მხოლოდ ექიმები ვერ გაუმკლავდებიან" - საგანმანათლებლო სემინარი ბოლნისში 

ქვემო ქართლი საქართველოს იმ რეგიონებს მიეკუთვნება, სადაც მოსახლეობაში ტუბერკულოზის გავრცელების ერთ-ერთი  მაღალი მაჩვენებელია. საზოგადოების ინფორმირებულობისა და მაღალი ჩართულობის მიზნით, დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლებმა ბოლნისში საგანმანათლებლო შეხვედრები გამართეს.

ჯანმრთელობის კვლევის კავშირის დირექტორ მაია ბუწაშვილის თქმით, ტუბერკულოზთან ბრძოლაში ჯანდაცვის წარმომადგენლებთან ერთად სხვადასხვა ინსტიტუციის წევრები და მოქალაქეები უნდა ჩაერთონ.

"ტუბერკულოზის ეპიდემიასთან ბრძოლას მხოლოდ ექიმები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუშაკები ვერ გაუმკლავდებიან. საჭიროა ე.წ. მულტიდისციპლინური მიდგომა. ყველა უნდა ჩაერთოს ამ დაავადებასთან ბრძოლაში, რადგან ადამიანები უჯერებენ თავიანთ მასწავლებლებს, მედიაში გაგონილს, შესაბამისად, ჩვენ ვაცნობთ დაავადების სიმპტომებს, გადაცემის გზებს და ვთხოვთ დახმარებას, რომ მასიურად გაავრცელონ ინფორმაცია ტუბერკულოზის შესახებ," - განაცხადა მაია ბუწაშვილმა.

შეხვედრას ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები, არასამთავრობო სექტორი, ჯანდაცვისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები დაესწრნენ. სემინარი ტუბერკულოზის დროულ იდენტიფიცირებას და უფასო სადიაგნოსტიკო სერვისების ხელმისაწვდომობის პრომოციას მიეძღვნა.

დღის ამბები