22 დეკემბერი 2024,   10:33
ვრცლად
რაიან სმიტის დედა გამოგზავნილ წერილში მსჯავრდებული მწყემსის 30 წლიან ან უვადო პატიმრობას ითხოვს

"კურიერმა" იმ წერილის ასლი მოიპოვა, რომელიც რაიან სმიტის დედამ გამოგზავნა. ის ამერიკიდან სმიტების ოჯახის მკვლელობაში მსჯავრდებულ კობაურს მიმართავს. დედა ემოციურ წერილში მის ოჯახსა და საქმიანობაზე დეტალურად საუბრობს, ასევე მადლობელია კობაურის, რომ სამართალდამცველებს შემთხვევის შემდეგ ბავშვის ადგილსამყოფელი გაუმხილა.

წერილის მიხედვით, რაიან სმიტის დედა დარწმუნებულია, რომ მისი შვილი ნამდვილად კობაურმა მოკლა, ცნობილია დაზარალებული ოჯახის მოთხოვნაც. ლინ სმიტი ჩადენილი დანაშაულის გამო მალხაზ კობაურის 30 წლიან ან უვადო პატიმრობას ითხოვს.

წერილის ნამდვილობის არ სჯერა მსჯავრდებულის დედას. 20 წლის მწყემსის მშობელი "კურიერთან" იმ დღეს იხსენებს, როდესაც შვილი საპატიმროში მოინახულა. მარიამ მარტიაშვილი დარწმუნებულია, რომ მალხაზ კობაური შემთხვევის დროს მარტო არ იყო. სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული, დედასთან მკვლელობის სულ სხვა ვერსიას ყვება, რომელიც გამოძიებისას არ ემთხვევა.


ლინ სმიტის წერილის ნამდვილობის არ სჯერა და გამოძიებასთან კითხვები აქვს მსჯავრდებულის ადვოკატსაც. ალექსანდრე კობაიძის თქმით, წერილი მალხაზ კობაურს სასჯელაღსრულების თანამშრომლებმა არ გადასცეს და მხოლოდ ფრაგმენტები წაუკითხეს. ახლა მალხაზ კობაური ლინ სმიტთან შეხვედრასა და მკვლელობის დეტალებზე საუბარს ითხოვს.

ადვოკატის და ოჯახის ვერსიას უარყოფს სასჯელაღსრულების დაწესებულება, უწყებამ დღეს "კურიერს" ამ თემაზე წერილობითი პასუხი გასცა.

მალხაზ კობაურის დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას სტრასბურგის სასამართლოში გეგმავს. ის თავს დამნაშავედ არ ცნობს და აცხადებს, რომ სასჯელს უსამართლოდ იხდის. მას სასამართლომ უვადოდ პატიმრობა მიუსაჯა.

დღის ამბები