16 სექტემბერი 2026,   10:38
ვრცლად
ინვენტარისა და ფინანსური მდგომარეობის შესწავლა - კომისიის წევრებმა ჭყონდიდის ეპარქიის გადაბარების პროცესი დაიწყეს

კრიზისული ვითარების პარალელურად ჭყონდიდის ეპარქიაში აქტიურად მიმდინარეობს ინვენტარისა და ფინანსური მდგომარეობის შესწავლა. 9 წევრისაგან შემდგარმა კომისიამ პირველი სამუშაო შეხვედრა უკვე გამართა.

გეგმის მიხედვით, სპეციალისტები ჯერ მარტვილს შეისწავლიან, ხოლო შემდეგ აბაშის ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობას. წინასწარი მონაცემები, სავარაუდოდ, 2 კვირაში გახდება ცნობილი.

"მე დამირეკეს, რომ დახმარება სჭირდება კომისიის წევრებს. 4 კაცი მოდიოდა თბილისიდან და მეხუთე დავემატე მე. გეგმა უკვე ჩამოწერილია და ამ გეგმის მიხედვით ვიმუშავებთ. დაახლოებით ორი კვირა დასჭირდება მუშაობას," - განაცხადა კომისიის წევრმა, მამა ანდრია ქვარცხავამ.

გარდა ამისა, კომისიის ერთ-ერთი წევრია მამა ანდრია სარიას განცხადებით, ქონების აღწერა მარტვილის რეზიდენციიდან და ტაძრიდან დაიწყება.

"რაც შეეხება კომპეტენციას, მე ერთი ვიცი ნუგზარ სამხარაძე, რომელიც არის ეკონომისტი. ჩვენც ვართ ამ კომისიაში, რადგან ჩვენ უნდა გადავაბაროთ ქონება. დეტალურად მოხდება აღწერა. როდესაც აქ მეუფე პეტრე მოვიდა, მისი ინიციატივა იყო, რომ ყველაფერი გადაფორებულიყო ეპარქიის სახელზე, რომ ეს არის ეკლესიის ქონება და არა მისი პირადი. ჩვენ ამას ყოველთვის აღვნიშნავთ. რაც ჩემი ნივთი იყო, ეს არის წიგნები, რაც მოვაგროვე სტუდენტობის დროს. დანარჩენი, რაც ოდესმე უჩუქნიათ ჩემთვის, არის ეკლესიის ქონება და ეკლესიას დარჩება," - აღნიშნა მამა ანდრია სარიამ.

ეპარქიაში გადაბარების პროცესი 31 ნოემბრიდან მას შემდეგ დაიწყო, რაც სინოდის სხდომაზე ჭყონდიდელ მიტროპოლიტს, მეუფე პეტრეს მმართველობის უფლება ჩამოერთვა და წმინდა სინოდის სიიდანაც ამოირიცხა.

დღის ამბები