12 სექტემბერი 2026,   01:12
ვრცლად
ანა დოლიძის მხარდამჭერ აქციაზე პრეზიდენტს კონსტიტუცია შეუგზავნეს

არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიის ინდექსი - საქართველომ" პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის მხარდამჭერი აქცია გამართა. აქცია-პერფორმანსის მონაწილეებმა პრეზიდენტს სიმბოლურად კონსტიტუცია შეუგზავნეს იმის შესახსენებლად, რომ კონსტიტუციის მიხედვით, მას იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან ანა დოლიძის დათხოვნის უფლება არ აქვს.

"ჩვენ შევახსენებთ პრეზიდენტს, რომ კონსტიტუცია არის ქვეყნის უზენაესი კანონი, როგორც სახელმწიფო უწყებების, ასევე პრეზიდენტის ნებისმიერი მოქმედება უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას. ასევე, ნებისმიერი სხვა კანონი უნდა შეესაბამებოდეს და გამომდინარეობდეს კონსტიტუციიდან. სწორედ ამითაა გამოწვეული, რომ ჩვენ აქ მოვედით დღეს რათა ვუთხრათ პრეზიდენტს, თუ ის გადაწყვეტს დააკმაყოფილოს იუსტიციის საბჭოს მოთხოვნა და შეუწყვიტოს უფლებამოსილება პრეზიდენტის მიერ დანიშნულ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრს, ეს მისი მხრიდან  არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება იქნება,"- განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციის "დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს" გამგეობის წევრმა ეკატერინე ციმაკურიძემ.

შეგახსენებთ, 4 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძისთვის საბჭოს წევრობის უფლების ჩამორთმევის მოთხოვნით ოფიციალურად მიმართა. მოტივად საბჭო ანა დოლიძის პოლიტიკურ საქმიანობას ასახელებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები