20 ივნისის აქციაზე დაშვებულ ადამიანებს, ვინც 5 თვის წინ სხვადასხვა ფორმის დაზიანებები მიიღო და მათ შორის, დაკარგა თვალი, სახელმწიფო დაზარალებულად დღემდე არ აღიარებს.
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა" ასოციაციაში და ადამიანის უფლებათა ცენტრში თვლიან, რომ ეს დაუშვებელი ფაქტია და თუ სახელმწიფო რეაგირებას დროულად არ მოახდენს, დავას ქვეყნის ფარგლებს გარეთ განაგრძობენ.
როგორც "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე სულხან სალაძე აღნიშნავს, ხელისუფლებამ მალე უნდა გამოიჩინოს გონიერება და 20 ივნისს დაზარალებულ ადამიანებს დაზარალებულის სტატუსი დროულად მიანიჭოს, წინააღმდეგ შემთხვევაში სამართლებლივ ბრძოლას ქვეყნის ფარგლებს გარეთ გააგრძელებენ.
არასამთავრობო ორგანიზაცია "ღია საზოგადოების ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან ხუციშვილი პროკურატურას ადანაშაულებს და ადასტურებს, რომ სრულიად გაუგებარი დასაბუთებებით უარს ამბობენ, 20 ივნისის აქციაზე დაზარალებულებს სტატუსი მიანიჭონ. მისივე თქმით, სახელმწიფოს არ სურს აღიაროს სერიოზული ზიანის ფაქტი, რომელიც მოქალაქეებს და ჟურნალისტებს მიადგათ.