25 აპრილი 2024,   15:32
ვრცლად
აჟიოტაჟი ფილმის გამო, რომელიც ჯერ არ უნახავთ

საპატრიარქო დღეს სკანდალური ფილმის წინააღმდეგაც გამოვიდა. ეკლესია ჩვენების წინააღმდეგია, თუმცა ძალადობას ემიჯნება. ერთი მხატვრული ფილმი კი ქვეყანაში უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების მიზეზი ხდება.

სიტუაციას კარგად ნაცნობი ძალები ამწვავებენ - მათ შორის ერთ-ერთი რაინდია. ლევან ვასაძე უკვე კონკრეტული პირების დაკავებასაც კი ითხოვს. ქვეყანაში აჟიოტაჟი გამოიწვია ფილმმა, რომელიც ჯერ არ უნახავთ.

პირველი ქართული ქვიარ დრამის პრეზენტაციისთვის კინოთეატრებში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე სამართალდამცველებიც საგანგებოდ ემზადებიან. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამის შესახებ განცხადებაც გაავრცელა და  ყველას მოუწოდა, დაიცვან კანონის მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში და სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი - ნათქვამია განცხადებაში. "კურიერმა" დღეს კინოთეატრთან გადაიღო, როგორ აძლევდა მითითებებს საპატრულო პოლიციის უფროსი სამართალდამცველებს.

მაყურებელთა უსაფრთხოებისთვის განსაკუთრებული ზომები აქვთ მიღებული კინოთეატრების ადმინისტრაციებშიც. უკვე ცნობილია ისიც, რომ ფილმის შემოქმედებითი ჯგუფი ქართულ პრემიერას არცერთ კინოთეატრში არ დაესწრება. 

ლევან ვასაძეს და მის მომხრეებს უკვე დაგეგმილი აქვთ როგორ ჩაშალონ პრემიერა. რაინდის განმარტებით,  ამას მხოლოდ იმიტომ გეგმავს, რომ "მაყურებელი არ გაირყვნას, არ დეგრადირდეს და ცინიკურ ცხოველად არ გადაიქცეს".

სამართალდამცველებს ვასაძე წინასწარ მოუწოდებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური წარმომადგენლები დააპატიმრონ. 

აქციის ორგანიზატორების ამ განცხადებებს მუქარად აფასებენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროს  მეტი სიმკაცრის გამოჩენას ურჩევენ იმ ჯგუფების მიმართ, რომლებიც პროტესტს აანონსებენ. 

ფილმის დახურული ჩვენება საქართველოში უკვე გაიმართა, რომელსაც სპეციალურად მოწვეული სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ. კინოჩვენებისას სტუმრებს არცერთი ეპიზოდი არ გაუპროტესტებიათ. 

ატეხილი აჟიოტაჟის შემდეგ ფილმის შემოქმედებითმა ჯგუფმა მედიასთან კომუნიკაცია შეწყვიტა, მსახიობებმა საქართველოც დატოვეს. ფილმს ”და ჩვენ ვიცეკვეთ” ოსკარზე ელოდებიან, საქრთველოში კი მის პრემიერას ჩაშლით ემუქრებიან. პირველ ქარულ დრამას გეი წყვილის სიყვარულზე მაყურებელი 5 კინოთეატრში თბილისში და 1 დარბაზში ბათუმში 8. 9 და 10 ნოემბერს ნახავს. კინო გაყიდვამ ყველა რეკორდი მოხსნა.


 

დღის ამბები