21 დეკემბერი 2024,   18:19
ვრცლად
"დაკარგე თუ არა ჯანსაღი თვალი?" - მაკო გომურმა შესაძლოა აქტიური პროტესტი წამოიწყოს

მაკო გომურმა, რომელიც უკვე მეხუთე თვეა უსტატუსო დაზარალებულია, შესაძლოა ახლო მომავალში აქტიური პროტესტი წამოიწყოს.

მოძრაობა "რუსეთი ოკუპანტიას" აქტივისტი გიგა მაქარაშვილი ამბობს, რომ მაკო გომურის ხანგრძლივი დუმილის შემდეგ პროტესტის საფუძველი შესაძლოა გამოძიების მიერ დასმული კითხვა გახდეს - "იყო თუ არა ჯანსაღი, თვალი, რომელიც 18 წლის ახალგაზრდამ 20 ივნისის ღამეს დაკარგა".

კითხვას, რომელიც გამოძიებამ მაკო გომურს დაუსვა - 20 ივნისს დაშავებული ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი facebook პოსტით გამოეხმაურა. ამის შემდეგ მაკო გომური ტელეფონის ზარებს აღარ პასუხობს და მედიასთან დამატებითი განმარტებების გაკეთებაზე უარს ამბობს.

მაკო გომურის მიერ გაჟღერებული კითხვის საჭიროებასთან დაკავშირებით, პროკურატურა წერილობით განმარტებას აკეთებს. საგამოძიებო ორგანო ხაზს უსვამს, რომ დაზიანებამდე, თვალის მდგომარეობით დაინტერესება, კანონით განსაზღვრული პროცედურის ნაწილია.

პროცედურების განმარტების მიუხედავად, პოლიტიკური გამოხმაურება მწვავეა უმრავლესობის ნაწილის მხრიდანაც, რომელიც გომურისთვის დასმულ კითხვას არაკორექტულს უწოდებს.

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები საგამოძიებო ორგანოს დამოკიდებულებას ცინიკურს უწოდებენ. ამასთან, კვლავ აპროტესტებენ, რომ 20 ივნისს დაშავებული აქტივისტებისთვის დაზარალებულის სტატუსის განსაზღვრა ამ დრომდე არ მომხდარა. იგივე მოთხოვნა აქვს სახალხო დამცველსაც.

მაკო გომური, რომელსაც 20 ივნისს რეზინის ტყვია მოხვდა და თვალი დაკარგა, მკურნალობას განაგრძობს. პარალელურად, კი აქციის სხვა ათეულობით დაშავებული მონაწილის მსგავსად, დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ამ დრომდე უშედეგოდ მოითხოვს.

დღის ამბები