21 დეკემბერი 2024,   20:57
ვრცლად
დაკავებული 28 პირი და დაშავებული 13 ადამიანი - "და ჩვენ ვიცეკვეთ" - ლევან აკინის ფილმის ხმაურიანი პრემიერის შედეგები

ფილმის - "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენების წინააღმდეგ ჩატარებული საპროტესტო აქციის პირველი დღე თბილისში 28 პირის დაკავებით დასრულდა. სამართალდამცველებმა ყველა მათგანი აქციის მიმდინარეობის დროს დააკავა.

27 პირს პოლიციის დაუმორჩილებლობა და ხულიგნობა ედება ბრალად, 1 კი, სამოქალაქო აქტივისტის ანა სუბელიანისთვის მძიმე საგნის სროლით მიყენებული ჭრილობის გამო, სისხლის სამართლის დანაშაულშია ბრალდებული. 

დაკავებული აქციის წევრები ბრალს არ აღიარებენ.

"გუშინ აშკარად მთელი ერი გააუპატიურეს და ამას ხელს უწყობდა პოლიცია, ამას ახლა ვგრძნობ. თავზე ფუნა მადევს, აი ასეთი დიდი, აყროლებული ვარ, მომაყენეს შეურაცხყოფა და განვიცდი ტკივილებს,"- ამბობს აქციის მონაწილე.

თბილისის კინოთეატრებთან საპროტესტო აქციისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებული 24 პირის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართა. სასამართლომ გადაწყვეტილება მხოლოდ ერთ პირზე გამოიტანა. მერაბ ჭიკაიძეს მოსამართლემ 500 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

"რაღაცა მომენტში უბრალოდ პოლიცია წინ წამოვიდა ხალხის გასაკავებლად და მეც წინ წამოვედი, რას აკეთებთ მეთქი ეს ვუთხარი, შეურაცხყოფა არ მიმიყენებია,"- ამბობს აქციაზე დაკავებული მერაბ ჭიკაიძე. 

ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის საქალაქო სასამართლოს სხვა დაკავებულების საქმეზეც დღეს უნდა ემსჯელა, თუმცა მოსამართლემ აქციის მონაწილეთა ადვოკატის შუამდგომლობა მტკიცებულებების გასაცნობად საქმის განხილვის გადადების თაობაზე დააკმაყოფილა. 21 მონაწილის პროცესი 11 დეკემბრს გაიმართება.

"დაევალათ წარმოადგინონ მტკიცებულებები სასამართლოში. ოცდაერთიდან არცერთი აღიარებს დანაშაულს. ყველა ითხოვს მარეაბილიტირებელის საფუძველზე გათავისუფლებას,"- აცხადებს დაკავებულების ადვოკატი ცირა ჯავახიშვილი.

დაკავებულებს შორის არის სასულიერო პირიც. საქალაქო სასამართლომ დღეს ბერის საქმის ცალკე წარმოება დაიწყო. ლევან ამირეჯიბი დანაშაულს არ აღიარებს და ამბობს, რომ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებია. პროცესი ამ შემთხვევაშიც გადაიდო.

შინაგან საქმეთა სამინისტროში უკვე დაამუშავეს ფოტო-ვიდეო მასალა, სადაც ჩანს პოლიციელებზე და მოქალაქეებზე თავდასხმის ფაქტები. ძალადობის მუხლით დაიწყო გამოძიება პოლიტიკოს, დავით ბერძენიშვილისა და აქტივისტ, ანა სუბელიანის საქმეებზე.

საქალაქო სასამართლოში დაკავებულთა საქმეებს დილიდან განიხილავდნენ. სხდომას რადიკალური ჯგუფის ლიდერებიც ესწრებოდნენ.

"ბავშვები გამოიყენა თავის გეი პროპაგანდისტული ფილმისთვის, ეს მშობლები მზად არიან პროკურატურაში შეიტანონ სარჩელი, უჩივლონ მას, ეს არის ბავშვთა უფლებების დარღვევა. რის გამოც აუცილებლად სისიხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება ლევან აკინს,"- აცხადებს სანდრო ბრეგაძე.

”და ჩვენ ვიცეკვეთ" - ფილმის ხმაურიანი პრემიერის პირველი დღე, საგამოძიებო მოქმედებებით დასრულდა ბათუმშიც. თბილისის პარალელურად საპროტესტო აქციის 3 მონაწილე ზღვისპირა ქალაქშიც იგივე ბრალდებებით დააკავეს. ლაშა ჩაჩხუნაშვილს მოსამართლემ 1000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

"ვაღიარებ ნასვამი ვიყავი, უბრალოდ შევიგინე ფილმი ვინც გადაიღო იმის მისამართით. პოლიციის მისამართით არ შემიგინია,"- ამბობს ლაშა ჩახუნაშვილი.

ხმაურიანი ფილმის წინააღმდეგ მოწყობილ აქციას ჰყავს დაშავებულებიც. ფიზიკური დაზიანება ქვეყნის მასშტაბით სულ 13-მა ადამიანმა მიიღო. არცერთ მათგანს სტაციონალური მკურნალობა არ დასჭირდა. დაშავებულებს შორის 2 პოლიციელია. 

გამოძიებას აქციის პირველი დღის მოკვლევა ჯერ არ დაუსრულებია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სისხლის სამართლებრივი დანაშაული კიდევ 3 შემთხვევაზე გამოიკვეთა, თუმცა ამ ფაქტებზე დაკავებული ჯერჯერობით არავინაა. საგამოძიებო უწყებაში მტკიცებულებების შესწავლა-შეგროვებასა და დამნაშავე პირების იდენტიფიცირებაზე მუშაობენ. გამოძიება სახელმწიფო ქონების, კინოთეატრ ამირანის და ტელევიზიების ტექნიკის დაზიანების ფაქტებზეც მუშაობს. აქციაზე დაკავებულთა რიცხვი სავარაუდოდ კიდევ გაიზრდება.

დღის ამბები