მოკლული 36 წლის ბიზნესმენის ნოდარ ცხადაძის ოჯახის წევრებს და ახლობლებს უჭირთ მკვლელობის მოტივზე და სავარაუდო დამნაშავეზე საუბარი. პოლიცია კი მთავარი მოწმის სტატუსით ბექა კვიციანს ეძებს, რომელიც მოკლულის ახლობელია და სავარაუდოდ სწორედ ის იყო ბოლო ადამიანი, ვინც ნოდარ ცხადაძე ნახა.
"კურიერის" ინფორმაციით, მკვლელობის მთავარმა მოწმემ, ბექა კვიციანმა საქართველოს ტერიტორია უკვე დატოვა.
"ჩვენთვის ვერავინ ვერ იქნება ეჭვმიტანილი, სანამ გამოძიება არ დაადგენს როგორ და რანაირად. იცით როგორ ვართ, არავინ არაფერი არ ვიცით. კონფლიქტი არ ჰქონიათ, ეგ გამორიცხულია, მაგრამ ეძებენ კვიციანს. ბიზნესკავშირი არ ჰქონია, მეგობრებიც არ იყვნენ," - აცხადებს ოჯახის ახლობელი ნინო ჯანხოთელი.
ნოდარ ცხადაძის ნათესავს ეჭვი აქვს, რომ შესაძლოა ცხადაძის და კვიციანის შეხვედრის შემდეგ მათთან მანქანაში კიდევ სხვა პირებიც ჩასხდნენ:
"მაღაზია ჰქონდა ამას უბრალო, ნაწილების მაღაზიის პატრონს რა ფული უნდა ჰქონოდა. მიუკითხავს სამსახურში, სიცილით ჩაჯდაო, კამერამ ამოაგდოო... მერე რა მოხდა არ ვიცი... იმის გარდა გზაში შეიძლება ვიღაცები ჩაუჯდნენ მანქანაში. გაგებაში არ ვართ საერთოდ. ახლობელი ყოფილა, რა ვიცი, ნათლიაა შვილის," - აცხადებს ცხადაძის ნათესავი.
"კურიერის" ინფორმაციით მკვლელობის მოტივზე ინფორმაცია ჯერჯერობით არც სამართალდამცავებს აქვთ.
ნოდარ ცხადაძის ცხედარი თბილისის ზღვაზე გუშინ იპოვეს, მას ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.