20 აპრილი 2024,   13:01
ვრცლად
რუსთაველის გამზირზე დაკავებულთა სასამართლო პროცესი - აქტივისტები სასამართლოს შენობასთან აქციას გეგმავენ

სასამართლოს დარბაზთან ამ წუთებში ხალხმრავლობაა. აქტივისტების დიდი ნაწილი გადაწყვეტილებების გამოცხადებას სხდომათა დარბაზთან ელოდება.

სავარაუდოდ, აქტივისტები დაკავების ფაქტებს კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ და ისინი სასამართლოს შენობის გარეთ საპროტესტო აქციას გამართავენ. აქტივისტები ძირითადად იმაზე საუბრობენ, რომ პროტესტი არის უწყვეტი და საპროტესტო აქციები არც სასამართლოსთან, არც რუსთაველის გამზირზე არ შეწყდება. მომიტინგეები იმაზეც საუბრობენ, რომ უფრო მრავალფეროვან გეგმებს დასახავენ, როგორ უნდა გაგრძელდეს პროტესტი. სამომავლო გეგმებში კი სხვადასხვა სამთავრობო უწყების პიკეტირება ისევ შედის.

აქტივისტები გუშინ მომხდარ დაკავებებს აფასებენ. მათი თქმით, პოლიცია შერჩევით მოქმედებდა და იმ აქტივისტების დაკავებას ცდილობდა, რომლებიც საპროტესტო აქციებზე ლიდერობდნენ და საპროტესტო გამოსვლებს ორგანიზებას უწევდნენ.

"ეს ადამიანები უნდა დავიცვათ იმ უსამართლობისგან, რომელ უსამართლობაშიც არიან დღეს. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, დღეს 13:00 საათზე გვაქვს პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრა და ამ შეხვედრის შემდეგ გაგაცნობთ გეგმებს, თუ როგორ განვაგრძობთ პროტესტს. ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია, ის არის, რომ  გამარჯვებამდე ვიბრძოლებთ," - განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა ქრისტინე თოდუამ.

პოეტმა კოტე ყუბანეიშვილის თქმით, ქვეყანა მსოფლიოს დაკვირვების ქვეშ იმყოფება და აღნიშნულ ვითარებაში კარგად იკვეთება, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს საბჭოთა კავშირში დაბრუნება არ სურს.

"მთელი სახელმწიფო მანქანა ამდენი ფულით ებრძვის სამოქალაქო პირებს. ძალიან უსამართლო ბრძოლაა, მაგრამ აზრი აქვს იმდენადაც, რამდენადაც მთელი მსოფლიო გვაკვირდება და ხედავენ, რომ საქართველოში არის საზოგადოების გარკვეული ნაწილი, რომლებსაც არ უნდა ეს საბჭოთა კავშირი, არ უნდა ეს უკან დაბრუნდება," - აღნიშნა კოტე ყუბანეიშვილმა.

დღის ამბები