შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილსა და ყოფილი გენერალური პროკურორ ზურაბ ადეიშვილს ამირან (ბუტა) რობაქიძის საქმეზე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ბრალი წარედგინათ. ბრალი 3-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
"2004 წლის 24 ნოემბერს, გვიან ღამით, დაახლოებით 02 საათზე, ქ.თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე, დიდუბის პანთეონის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორებმა გააჩერეს "BMW"-ს მარკის ავტომანქანა, მძღოლითა და ხუთი მგზავრით. მათი შეჩერებისა და პირადი შემოწმებისას პატრულ-ინსპექტორ გ.ბ.-ს შემთხვევით გაუვარდა ტყვია ტაბელური ცეცხლსასროლი იარაღიდან და მარცხენა იღლიის არეში მძიმედ დაჭრა ავტომანქანიდან გადმოსული მგზავრი ამირან რობაქიძე, რომელიც შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
მომხდარი ფაქტის თობაზე, იმავე ღამით ინფორმაცია მიიღო საქართველოს შინაგან საქმეთა იმჟამინდელმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელმაც შემთხვევის ადგილზე მისულ შს სამინისტროს მაღალჩინოსნებს დავალება მისცა, გადაერჩინათ საპატრულო პოლიციის იმიჯი და აღნიშნული ფაქტისთვის მიეცათ შეიარაღებული დაჯგუფების მიერ პოლიციელებზე თავდასხმის სახე. ირაკლი ოქრუაშვილის მიერ გაცემული დავალების შესაბამისად, შს სამინისტროს მაღალჩინოსნებმა გარდაცვლილ ამირან (ბუტა) რობაქიძეს და მასთან ერთად მანქანაში მსხდომ პირებს ჩაუდეს ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა, რის შემდეგაც საქართველოს იმჟამინდელი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის დავალებით, გამოძიება წარიმართა სამართლებრივად არასწორი მიმართულებით, რაც გამოიხატა გაყალბებული მტკიცებულებების საპროცესო წესით დამაგრებასა და შს სამინისტროს მაღალჩინოსნების მიერ შემუშავებული ვერსიის გამყარებაში.
ყოველივე აღნიშნულის შედეგად, გაყალბებული მტკიცებულებების საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-მუხლის მეორე ნაწილით და 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემულნი იქნენ ავტომანქანაში მსხდომი პირები: გ.ქ., ი.მ., კ.ა., ლ.დ. და ა.ბ. ასევე, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრად გამოცხადდა გარდაცვლილი ამირან (ბუტა) რობაქიძე.
ზურაბ ადეიშვილის და ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ გამოტანილია დადგენილება ბრალდების შესახებ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან რვა წლამდე ვადით. ამ ეტაპზე, საქმეზე გრძელდება გამოძიება დანაშაულის ჩადენაში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-მხილების მიზნით. ირაკლი ოქრუაშვილს ბრალდების შესახებ დადგენილება წარედგინება პენიტენციურ დაწესებულებაში. ვინაიდან ზურაბ ადეიშვილი თავს არიდებს ქართულ მართლმსაჯულებას, ბრალდების შესახებ დადგენილება გადაეცემა მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს,"- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.